სამშაბათი 23, მაისი 2017

ჩვენს შესახებ

“TV25” დაარსდა 1993 წლის 15 ივნისს. მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე.

ტელევიზიამ მაუწყებლობა საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაიწყო. ფონდ “ინტერსიუსის” და საქართველოს სატელევიზიო ქსელის დახმარების შედეგად, 1995-1996 წლებში “TV25”-ის მატერიალურ-ტექნიკური და შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აჭარის იმდროინდელი ხელისუფლების მრავალწლიანი მცდელობა, დამფუძნებლებისათვის წაერთვა ტელევიზიის მართვის სადავეები, მუდამ უშედეგოდ მთავრდებოდა.

სწორედ ამიტომ, 2000 წლის 19 თებერვალს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა “TV 25”-ის ხელმძღვანელებს ძალით გააჩუქებინეს ტელეკომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი, რის შემდეგაც ტელევიზია უშუალოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის მფლობელობაში გადავიდა. მრავალწლიანი სასამართლო დავა მხოლოდ აჭარის რევოლუციამ დაასრულა, როცა ბათუმიდან თბილისში იძულებით გადასახლებულმა დამფუძნებლებმა ოთხი წლის განმავლობაში წართმეული ქონება უკან დაიბრუნეს. თუმცა,

2004 წლის 1 სექტემბერს ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ ტელევიზიას სახელმწიფოს სოლიდური დავალიანება დააკისრა, რამაც სათავე დაუდო მრავალწლიან სასამართლო დავას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ.

ამ ხნის განმავლობაში ტელევიზიაში განხორციელდა არაერთი საინტერესო ტელე-პროექტი. მათ შორის: საინფორმაციო პროგრამა “ახალი ამბები”, ანალიტიკური თოქ-შოუ “მრავალწერტილი”, გადაცემა “ხელოვანთა გალერეა”, მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმი “საქართველოს ისტორიის ქრონიკები”, ტელესერიალი “ყავახანა” და სხვა.

2006 წლის 28 ივნისს “TV 25” ახალი სირთულეების წინაშე დადგა. პრობლემები ელექტროენერგიის შეწყვეტით, ბათუმში მოქმედ ყველა საკაბელო ქსელში ტელეარხის გადაცემათა გამორთვით და იმ შენობის ნგრევით იყო გამოწვეული, სადაც “TV 25”-ის სტუდია და ოფისი იყო განთავსებული. ტელევიზიის კოლექტივისათვის ჩვეული ერთსულოვნებისა და ენთუზიაზმის შედეგად, ყველა ზემოხსენებული დაბრკოლება უმოკლეს ხანში გადაილახა. თუმცა, ამავე დროს ყადაღა დაედო „TV25“-ის ანგარიშს. დაყადაღებული ანგარიშის პირობებში „TV 25“ სამი წლის განმავლობაში მაუწყებლობდა.

2007 წლის 7 ნოემბერი ბათუმის დამოუკიდებელ ტელევიზიაზეც მტკივნეულად აისახა. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მაუწყებლობა გამორთეს, 17 ნოემბრამდე “TV25” არ მაუწყებლობდა და სტუდიაში პოლიციელები მორიგეობდნენ.

ამჟამად ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, აღჭურვილია ციფრული აპარატურით. 2004 წლიდან დღემდე ყოველდღიურად მზადდება საინფორმაციო პროგრამა “მაცნე”, რომელიც აჭარაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს. პერიოდულად იმართება წინასაარჩევნო ტელედებატები თუ სხვა თოქ-შოუს ფორმატის გადაცემები.

2008 წლის სექტემბრიდან მზადდება ყოველდღიური ანალიტიკური პროგრამა “დიალოგი”, რომელშიც, დღის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებს კომპეტენტური სტუმრები პირდაპირ ეთერში პასუხობენ. გადაცემაში, სატელეფონო ზარებისა და ეს-ემ-ეს შეტყობინებების მეშვეობით, აქტიურად მონაწილეობს მაყურებელი.

“25-ე არხის” თინეიჯერი მაყურებლების საყვარელი გადაცემაა “ბარათი”, რომელშიც ისინი ეს-ემ-ესებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით მონაწილეობენ და სასურველ ვიდეოკლიპს უკვეთავენ.

დაბოლოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 9 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „TV 25“-ის ქონებას აუქციონის წესით გაყიდვა დაემუქრა. თუმცა, საზოგადოების აქტიურობის შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ კომპრომისული გამოსავლის მოძებნა დაიწყო, რაც ვალების რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს. მოგვიანებით პარლამენტში რეგიონული ტელევიზიების დავალიანებების ამნისტირების საკითხის განხილვა დაიწყეს. საქართველოს მთავრობამ კი დაიწყო მსჯელობა ბიზნესმენებთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.