21, დეკემბერი 2018 14:06:00
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კამპანია დაიწყო. ეს ბიზნეს სექტორის დაინტერესებას ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და რეაბილიტაციის საკითხში.
წითელი აგურით ნაშენი ეს ერთსართულიანი, ბელეტაჟის ტიპის სახლი, XIX საუკუნით თარიღდება. სადა, კლასიცისტური ელემენტებით შექმნილ ფასადს, კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას, ფანჯრების ქვემოთ, აგურის შეწეული წყობით შედგენილი სიბრტყეები სძენს. რუსთაველის ქუჩის 17 ნომერში მდებარე ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, გამორჩეული არქიტექტურის გარდა, მნიშვნელობას ის გარემოებაც მატებს, რომ წლების განმავლობაში, აქ არაერთი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა.
ძეგლის გადარჩენის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, 2015 წელს აუქციონზე გაიტანა. ბიზნეს სექტორის ჩართულობით შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ჩვენამდე მოღწეული ავთენტური ნაწილები შენარჩუნდა. სწორედ, ურბანული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და ძეგლების აღდგენის პროცესში ბიზნეს სექტორის ჩართულობის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კამპანია წამოიწყო.
,,ჩეხოსვის სახლში“ გამართულ შეხვედრაზე, ისტორიკოსებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. სააგენტოს დირექტორმა კი, პროცესში, ბიზნესის როლზე ისაუბრა. ზაურ ახვლედიანმა მათ კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდა. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებისთვის ანტონ ჩეხოვის სამი მოთხრობის ინსცენირებაც გაიმართა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ,,კულტურული მემკვიდროების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის“ პუბლიცისტი რამაზ სურმანიძე დააჯილდოვეს.