21, დეკემბერი 2018 20:31:00
ერთ დღეში განადგურებული ქონება და თებიძეები დახმარების მოლოდინში. ოჯახი სოფელ ჭინკაძეებში ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე დღის წინ გაჩენილმა ხანძარმა დაწვა. ჩვენმა ჟურნალისტმა იკითხა აუნაზღაურებს თუ არა ზარალს მათ სახელმწიფო.
სტიქიის შედეგად დაზარალებული თემურ თებიძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ორსართულიანი, ნახევრად კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, სადაც ის ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა, 17 დეკემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა. სახელმწიფო შემწეობაზე მყოფი ეს ოჯახი, ახლა ნათესავთან არის შეხიზნული.
შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მეზობლები გვიყვებიან, რომ როდესაც ცეცხლმოკიდებული სახლი შენიშნეს, შიგნით შეღწევა დაგვიანებული იყო. შესაბამისად, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ქედის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, შესაბამისი დოკუმენტი მზადდება, რითაც, აჭარის მთავრობა ამ ოჯახს 10 000 ლარით დაეხმარება. ლევან გორგილაძისვე განცხადეით, მერია დაზარალებულს სახურავის გადახურვითაც უზრუნველყოფს. იქამდე კი, ვიდრე ოჯახი საცხოვრებლის პრობლემას მოაგვარებს, ქირისთვის - 300 ლარს გადაუხდის.
ლევან გორგილაძის ინფორმაციით, მერია სპეციალურ პროგრამას ამუშავებს, რის ფარგლებშიც ხანძრით დაზარალებული ოჯახები ქედაში, დახმარებას ადგილობრივი მერიისგანაც მიიღებენ. პროგრამა სავარაუდოდ, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
სიუჟეტი მომზადებულია ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. თუ თვლით, რომ ჩვენი დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით ნომერზე 579 34 24 24