ხუთშაბათი 17, იანვარი 2019

კაზინო ,,ლიბერთი ინტურისტის“ 230 - მდე ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა

04, იანვარი 2019 20:43:00

კაზინო ,,ლიბერთი ინტურისტის“ 230 - მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. დასაქმებულები ამბობენ, რომ გუშინ, გვიან ღამით უთხრეს, რომ დაწესებულება რამდენიმე საათით, ფინანსური შემოწმების მოტივით უნდა დაეხურათ. დღეს სამსახურში მისულებს კი, განუცხადეს, რომ კაზინომ მუშაობა შეწყვიტა.
აქ დასაქმებულები იმასაც ამბობენ, რომ კუთვნილი ორი თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.
,,დღეს სამსახურში მოვედი და აღმოჩნდა, რომ აღარ ვმუშაობ.   დეკემბრის ხელფასი ამ დრომდე არ მიმიღია, ნაწილს კი, ორი თვის სახელფასო დავალიანება აქვს. ყურადღებას არავინ გვაქცევს, არ ვიცით რა ბედი გველის,“ - ამბობს მარიკა ბოლქვაძე.
კაზინოში დასაქმებულებს პრეტენზიები აქვთ დირექტორ სონერ თესჯანისთან. მათი თქმით, დირექტორმა საქართველო უკვე დატოვა. 
ფართი, სადაც აღნიშნული კაზინოა განთავსებული, ,,მეტრო სითი ჰოლდინგის“ საკუთრებაშია. ტერიტორია ოთხი წელია, რაც თექსჯანის სახელზე, იჯარით აქვთ გაცემული.  კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრ არჩილ კახაძის თქმით, კაზინოს მფლობელთან დაკავშირებას ისინიც უშედეგოდ ცდილობენ. კახაძისვე განცხადებით, დაწესებულებას ერთი თვის შესაბამისი ლიცენზიის  დავალიანებაც აქვს.
,,როგორც გავიგეთ, სონერ თექსჯანი თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობთ მასთან დაკავშირებას, რომ ფართი არალეგალურად არ იყოს. თუ ობიექტით სხვა პირი დაინტერესდება, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, კაზინოში მომუშავეების დასაქმება იქნება,“ - აცხადებს კახაძე.
კაზინოში დასაქმებულების თქმით, ვიდრე ისინი კუთვნილ ხელფასს არ მიიღებენ, ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
 

ავტორი(ები)

1382

დღის ამბები