14, იანვარი 2019 20:01:00
დღეს საქართველოს დროშის დღეა. როგორ აღინიშნა ქვეყანაში სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს დღე? და რას მოუწოდებს ჰერალდიკის საბჭო მოქალაქეებს?
ქვეყანაში დღეს უკვე მეთხუთმეტედ საქართველოს სახელმწიფო დღოშის დღე აღინიშნება. კობა ჯუმუშაძემ, ქვეყნის თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის აივანზე დროშა გამოფინა. მისთვის დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა.
სახელმწიფო ღონისძიებების მთავარი ატრიბუტი, ქვეყნის ისტორიის, სიძლიერის, სარწმუნოების სიმბოლო - ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი ასე აფასებს იმ გზას, რომელიც საქართველოს დროშამ მეფეთა ცვლილებების ფონზე განიცადა. 1918 წლამდე ქვეყნის მთავარი სიმბოლოს ცვლილება სწორედ მათ სახელს უკავშირდებოდა. გოგოლიშვილის თქმით, ქართულმა დროშამ ძირეული ცვლილება დავით აღმაშენებლის დროს განიცადა, როცა მასზე პირველად წითელი ჯვარი გამოისახა.1918-1921 წლებში მისი დიზაინი რევოლუციურ ტონალობაში, შინდისფერ ფონზე წითელ, თეთრ და შავ ფერებში გადაწყდა. 2004 წლიდან ქვეყნის სიმბოლო ხუთჯვრიანი დროშაა.
„ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში“ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე საუბრობენ. აქ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა, ხოლო მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს დროშა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან ასევე, საპროტესტო აქციებთან ასოცირდება მცდარია.
დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი, რაც ჩვენთვის ღირებულია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და დროშის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღნიშნება.