16, იანვარი 2019 20:02:00
ინდოელი ახალგაზრდა, რომელიც განათლებას საქართველოში ეუფლება. რაჰულ სეერვი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. სიუჟეტიდან გაიგებთ როგორია უცხო ქალაქში ცხოვრების ყოველდღიურობა? რა სირთულეებს აწყდება დროებითი სტუმარი და რა მოწონს მას ჩვენს ქვეყანაში ?
ადრეული ბავშვობიდან იცოდა, რომ განათლების მისაღებად უცხო ქვეყანაში გაემგზავრებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ინტერნეტში სხვადასხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო და არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. ინდოელი რაჰულ სეერვი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია.
პირველი დღეები საქართველოში რთული იყო, ენის ბარიერის გამო მაღაზიაში საკვების ყიდვაც კი პრობლემას წარმოადგენდა. თანდათან ქართული საუბარი და წერა-კითხვაც ისწავლა.
რაჰული შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გულის ქირურგიას სწავლობს. ექიმობა მის ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პროფესიაა. საქართველოში მიღებული განათლებით კმაყოფილია, თუმცა იმის გამო, რომ აქ გულის ტრანსპლანტაცია არ კეთდება, სწავლის გაგრძელებას ევროპაში აპირებს.
დაბრუნდება თუ არა თავის სამშობლოში საბოლოოდ რაჰულს ჯერ არ გადაუწყვეტია. თუმცა ზუსტად იცის, რომ საქართველო და აქ შეძენილი მეგობრები მოენატრება.