18, იანვარი 2019 20:06:00
სოფელი ქედაში, რომლის ერთ ერთი უბანი საავტომობილო გზის გარეშეა დარჩენილი. ქოსოფელში მცხოვრებლები საცალფეხო ბილიკით გადაადგილდებიან. პრობლემები ექმნებათ სკოლის მოსწავლეებს და ბავშვებს. სიუჟეტიდან გაიგებთ რა ბედი ელის პროექტს, რომლისთვისაც მერიამ 70 ათას ლარამდე თანხა დახარჯა?
სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანში მცხოვრები ოჯახები გარე სამყაროს საცალფეხო ბილიკითა და მდინარე აჭარისწყალზე არსებული ბაგირის ხიდით უკავშირდება. საავტომობილო გზა აქ მცხოვრები ოჯახებისთვის, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალთან მთავრდება, საიდანაც ადგილობრივებს, საკვები პროდუქტები თუ სხვა საჭირო ნივთები სახლებამდე ხელით გადააქვთ. აქ მცხოვრებთა პრობლემა განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როდესაც მდინარეში წყლის მასა მატულობს და კალაპოტიდან გადმოსული წყალი, ბაგირის ხიდამდე მისასვლელ ტერიტორიას ტბორავს. საცალფეხო ბილიკითა და ბაგირის ხიდზე გადადგილდებიან სკოლის მოსწვალეები და საბავშვო ბაღის ბავშვები.
დუმბაძეების გარდა, ამ გზით ოთხი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ისინი რამდენიმე კილომეტრიან საავტომობილო გზას, სწორედ ბაგირის ხიდით ამცირებენ.
ქედის მერიამ დუმბაძეების უბანთან დასაკავშირებლად გზის აშენება სოფელ ჭალახმელადან გასულ წელს დაგეგმა. დაახლოებით სამ კილომეტრამდე ახალი გზა მთის ფერდობზე უნდა გასულიყო, რისთვისაც გასულ წელს, ბიუჯეტიდან 65 640 ლარიც გამიოყო, თუმცა პროექტი ისე დასრულდა, რომ ახალი გზა მთის ფერდობზე მხოლოდ რამდენ მეტრზე მოეწყო. ქედის მერიამ ერთსა და იმავე პრობლემის მოსაგვარებლად თანხა წელს მეორედ გამოყო, ამჯერად ახალი, საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე. მერიაში განმარტავენ, რომ მთა, სადაც ახალი გზა უნდა გაეყვანათ ისეთი გრუნტი აღმოჩნდა, რომლის დაშლაც გაცილებით მეტ თანხას მოითხოვდა ვიდრე ახალი ხიდის მშენებლობა.
ქედის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა ბოლქვაძე სპეციალისტების ნაკლებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი პროექტები შესაბამისმა უწყებებმა უნდა განახორციელონ.
რამდენ ხანს მოუწევს მოსახლეობას საკვებ პროდუქტებისა თუ სხვა საჭირო ნივთების ხელით ტარება და როდის მოგვარდება საავტომობილო გზის პრობლემა ბუნდოვანია.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითაა მომზადებული.