23, იანვარი 2019 20:04:00
მახალაკიძეების მოსახლეობა სახელმწიფო პროგრამით განსახლებაზე უარს ამბობს. რატომ არ თანხმდებიან შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები შეთავაზებას? უკავშირდება თუ არა მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესების გააქტიურება შუახევ ჰესის ასაშენებლად გაყვანილ გვირაბს?
სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრები მოსახლეობა, სახელმწიფო პროგრამით განსახლებასა და ამ პროგრამით, 25 000 ლარის მიღებაზე უარს აცხადებს. ადგილობრივების თქმით, სოფელში გეოლოგიური პრცესები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მახალაკიძეებში, შუახევ ჰესის ასაშენებლად გვირაბი გაიყვანეს.
ერთ-ერთი ადგილობრივი იმ ქვებს გვაჩვენებს, რომელიც ორი წლის წინ, სახლის მიმდებარედ არსებული ფერდობიდან ჩამოვარდა და ბოსელი დაზიანდა. მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ითხოვს, რაც შეეხება სახელმწიფოს შეთავაზებას, აქ აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული თანხა ახალი საცხოვრებელი გარემო შესაქმნელად ძალიან მწირია.
მოსახლეობის მოთხოვნები იციან შუახევის მერიაში, სადაც განმარტეს, რომ გეოლოგიური დასკვნა გაცემულია, მუნიციპალიტეტი კი 25 ათას ლარიანი კომპენსაციის გასაცემად მზადაა, რასაც მოსახლეობა არ ღებულობს. მერის წარმომადგენლის მტკიცებით, ადგილობრივები თანხას ჰესის მშენებელი კომპანიისგან ითხოვენ, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ ქვათაცვენა გვირაბის აგებისას წარმოებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.
ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საკითხთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფები. მათ უკვე გამართეს ორი შეხვედრა. ტექნიკური სამსახური არ იზიარებს მოსახლეობის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სოფელში განვითარებული მოვლენები გვირაბის მშენებლობამ გამოიწვია.
ადგილობრივები, გვირაბის მშენებლობას ჯერ კიდევ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების დაწყებადე აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, რომ სოფელში გვირაბი არ გაყვანილიყო, თუმცა მოსახლეობის პროტესტი არავინ გაითვალისწინა. შუახევ ჰესის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სოფელ მახალაკიძეებში გვირაბი, მდინარე ჩირუხხის წყალზე მოეწყო.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითაა მომზადებული.