კვირა 18, აგვისტო 2019

სოფელი ერთი ოჯახით

28, იანვარი 2019 20:02:00

სოფელი ერთი ოჯახით და „მთის კანონი“, რომელმაც მთას ვერ უშველა.  რატომ ტოვებს მოსახლეობა  შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელს  და რა ჭირდება ადგილობრივებს  წანკალაურში? 

მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, მთის ფერდობზე შეფენილ სოფელ წანკალაურის არსებობას, გარე სამყაროს მხოლოდ, ერთი ოჯახი ახსენებს. შუახევის მუნიციპალიტეტის ამ ერთ კომლიან სოფელში, წლების წინ 45 -მდე ოჯახი ცხოვრობდა. სოფლის მკვიდრი იური მახარაძე გვიყვება, რომ მიგრაცია ყოფითმა პრობლემებმა განაპირობა და იმ ტერიტორიას გვიჩვენებს, სადაც რამდენიმე წლის წინ სოფლის საბაზო სკოლა არსებობდა.

აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან, მოსახლეობის მიგრაცია ყოველწიურად მატულობს, ტენდენციის ზრდას კი ადგილობრივები თავის გადარჩენის მოტივით ხსნიან. 

„მთის კანონი“, რომელსაც მთაში მცხოვრები მოსახლეობა უნდა შეენარჩუნებინა ნაწილობრივ არ გამართლდა, პირიქით, სოფლებს მხოლოდ ის პენსიონერები შემორჩენ, რომლებიც კანონით არსებულ შეღავათით სარგებლობენ. ნიგაზეულის მკვიდრი ვახტანგ ხიმშიაშვილი გვეუბნება, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ სოფელში დაბრუნებული ოჯახი არავის უნახავს.

მიგრაცია, რომ მზარდია ამას მთის კანონით მოსარგებლე ბენეფიციართა ყოველწლიური კლებაც ნათლად აჩვენებს. არსებული სტატისტიკით კი, კანონით მოსარგებლეთა ოდენობა ყოველწლიურად მცირდება.

მთაში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებისგან  დახმარებას ითხოვს, არსებული შეღავათები, რაც ხელისუფლებამ სოფლების შესანარჩუნებლად კანონში გაწერა, საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ სოფლები, მოსახლეობის დაცლისგან გადაერჩინა. 
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითაა მომზადებული