პარასკევი 19, ივლისი 2019

ე.წ. ლუშკოვის სახლს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი ჩაანაცვლებს

31, იანვარი 2019 20:04:00

ე.წ ლუშკოვის სახლის ადგილას სავარაუდოდ მრავალფუნქციური სასტუმრო აშენდება. ინიციატივა „ალიანს ჯგუფს“ ეკუთვნის. მხარი  საკრებულოს დეპუტატებმა დღეს დაუჭირეს. რა იგეგმება პროექტის ფარგლებში და რა ვადებში განხორციელდება ინვესტიცია უფუნქციოდ დარჩენილი შენობის ადგილას?

ამ შენობას მალე მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი ჩაანაცვლებს. ე.წ. ლუჟკოვის სახლის დემონტაჟს კომპანია «ალიანს ჯგუფი“ გეგმავს. ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყების ნებართვის მიზნით, კომპანიამ ბათუმის მერიას მიმართა, რაზეც თვითმართველობისგან თანხმობა მიიღო. „ალიანს ჯგუფს“ 20 დღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ტერიტორიის განაშენიანების გეგმა და პროექტი წარადგინოს. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება ზონის სტატუსის შეცვლაც.  რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე ტერიტორიას ახლა საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს, ახალი პროექტის მიხედვით, კი საზოგადოებრივ- საქმიანი სივრცის სტატუსი მიენიჭება.  

ბათუმის საკრებულოს დეპუტატები თანხმდებიან, რომ აღნიშნული  სახლი უფუნქციოდ არ უნდა დარჩეს. თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სანაპირო ზოლი კორპუსების ადგილად არ უნდა გადაიქცეს.

 „ალიანს ჯგუფის“ ინიციატივას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. ფიქრობენ, რომ უფუნქციოდ დარჩენილი შენობები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. 

გადაწყვეტილებას მიესალმება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც.   თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დაკონსერვებულ შენობებზე შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. 

ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ალიანს ჯგუფში“ სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთდა.  


დღის ამბები