კვირა 18, აგვისტო 2019

ჭიბონის ოსტატი ქედიდან

05, თებერვალი 2019 20:02:00

ჭიბონის დამზადების  უძველესი ტრადიცია,  რომელსაც ქედელი ოსტატი დღემდე  საგულდაგულოდ ინახავს.   14 წლის ასაკში დაწყებული ხელსაქმე და ასამდე შემქნილი ხალხური საკრავი. რა სირთულეებს აწყდება თემურ არძენაძე  მუშაობის პროცესში და როგორ იქნმნება მუსიკალური ინსტრუმენტი? 
 

თემურ არძენაძე ჭიბონს ბავშვობიდან ამზადებს. სოფელ დანდალოში მცხოვრებმა მუსიკალური ინსტრუმენტი პირველად 14 წლის ასაკში შექმნა. გამოცდილებამ და თავდაუზოგავად მუშაობამ, პროფესიონალ ხელოსნად აქცია და აჭარის მთიანეთში, საკრავის დამზადების ტრადიციაც ასე შემოინახა.

 

ჭიბონი თხის ტყავისგან მზადდება. საკრავის სამზადისსაც ოსტატი მისი დამუშავებით იწყებს, მთავარია მასალა არ დაზიანდეს და მხოლოდ იმ ადგილზე გაიჭრას, საიდანაც დასაკრავად უნდა ჩაჰბერო.  ტყავის დამზადების შემდეგ მუშაობას დაზგაზე აგრძელებს, სადაც საკრავისთვის საჭირო  ხის დეტალებს ამუშავებს. ბევრი წვრილმანი დეტალისგან შემდგარი ეს ჩასაბერი საკრავი დიდ შრომასთან ერთად ნებისყოფას მოითხოვს, ქედელი ოსტატი გვიხსნის, რომ მუსიკალური ინსტრუმენტის დამზადებას, მინიმუმ სამი თვე მაინც სჭირდება და ყველა იმ ორნამენტს გივჩვენებს, რაც საკრავისთვის აუცილებელია. 

 

საყვარელი საქმე პირველი ჯიბონის დამზადებიდან მალე საკუთარი შემოსავლის წყაროდ აქცია. ცნობილ ქედელ ხელოსანს, საკრავის დასამზადებლად  არამარტო ქართველი, უცხოელი ტურისტებიც ხშირად აკითხავენ. ამბობს, რომ აჭარაში გავრცელებული ძველი საკრავით განსაკუთრებით უკრაინელები და ჰოლანდიელები არიან დაინტერესებული. ჭიბონთან ერთად  დოლსაც აკეთებს, თუმცა რეალიზებას არ უწევს. 

 

გარდა იმისა, რომ საკრავს დამკვეთისთვის სასურველ ტონალობაში აწყობს, ჭიბონის უბადლო დამკვრელიცაა და ხშირად სხვადასხვა ფესტივალსა თუ ღონისძიებაზე, მაყურებლის წინაშე გამოდის. უკრავს ქედაში ჩამოსული ტურისტებისთვისაც. ასე მის საყვარელ საქმესაც აკეთებს, მნახველსაც ახალისებს და ტურისტებს ქართულ ხალხური საკრავების მნიშვნელობასაც აცნობს.