07, თებერვალი 2019 20:02:00
ოჯახი ქედიდან, რომელიც ავარიულ სახლში სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობს. სამნიძეები მეზობლების დახმარების იმედად არიან. ოჯახის 3 წევრიდან არც ერთი არ მუშაობს, ამას ისიც ემატება , რომ სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ. რა ბედი ელის ოჯახს? ჩვენი ჟურნალისტი გიამბობთ
სოფელ პირველ მაისში მცხოვრები სამნიძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებით მიმართავს. ისინი საარსებო შემწეობის აღდგენას ითხოვენ. ოჯახის დიასახლისი, თინა სამნიძე გვიყვება, რომ უკიდურესად რთულ ვითარებაში მყოფებს ახლა არსებობა მეზობლების დახმარების იმედად უწევს. ხის ერთ სართულიანი სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, ავარიული, სახლის საძირკველის ნაწილი, ოატაკი და აივანი თითქმის ჩამოშლილია. სამ სულიან ოჯახში არავინ მუშაობს. ოჯახის მთელი სიმდიდრე მეზობლებისა და ნათესავებისგან ნაჩუქარი ნივთებია.
მეზობელი ნური სამნიძე გვიყვება, რომ რთულ ვითარებაში მყოფ ოჯახს ახლობლები ეხმარებიან. იმასაც ამბობს, რომ სოფელში თითქმის ყველას უჭირს და გაწეული დახმარებაც მინიმალურია.
სამნიძეების ოჯახს ეკომიგრანტის სტატუსი აქვს და სამინისტროს მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული. სახელმწიფომ სტატუსის მატარებელ ოჯახს, უსაფრთხო გარემოში ცხოვრების მიზნით 25 000 ლარიან პროგრამაში ჩართო და რამდენიმე დღის წინ სახლის შესაძენად თანხაც ჩაურიცხა. თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ამ თანხით სახლი ვერ მოიძიეს და ცხოვრებას კვლავა სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში აგრძელებს.
ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით თედორაძე აცხადებს, რომ მერიამ ამ ოჯახთან დაკავშირებით მაქსიმალური გააკეთა, სამინისტროსთან უშუამდგომლა და ყველა საჭირო დოკუმენტია დროულად მოამზადა.
სოციალური მომსახურების ქედის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცით, სამნიძეები, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი, სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას 2016 წლის ოქტომბრის ბოლომდე იღებდა, მას შემდეგ ოჯახს დახმარება აღარ მიუღია, სამნიძეები სააგენტომ ბოლოს გასული წლის დეკემბერში შისწავლა და ოჯახის მდგომარეობა 70 400 ქულით შეაფასა, რითაც სააგენტომ უკიდეურეს სიღატაკეში მყოფ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღებაზე უარი უთხრა.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.