07, თებერვალი 2019 21:15:00
კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ბათუმში. ქალაქში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა. ლენტი საზეიმო ვითარებაში გაიჭრა. რა სტრატეგიული დანიშნულება ექნება სასაწყობე ობიექტს და რაში დაეხმარება საზღვაო ნავსადგურს?
ახალი, მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი ბათუმის ნავსადგურში, 2 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდა. მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3 000 კვ. მ დახურული, თანამედროვე საბაჟო. პროეტის ავტორი ,,ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ და შპს ,,მედლოგ ჯორჯიაა“. აქ მიიჩნევენ, რომ ახალი ტერმინალი ტვირთების მოძრაობას გაამარტივებს და მის გამტარიანობას გაზრდის.
პროექტის ფარგლებში, 1 ჰა- ზე დატვირთული კონტეინერების სასაწყობე ფართი მოეწყო, მოპირკეთდა საბორნე გადასაზიდად საჭირო მძიმე ტექნიკისთვის პარკირების ადგილი, გამოიყო ტერიტორია ცარიელი კონტეინერების შესანახადაც, ასევე მოეწყო 180 მ სარკინიგზო ჩიხი.
ტერმინალის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პროექტის ისტორიულ და სტრატეგიულ დანიშნულებაზე გაამახვილა ყურადღება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ახალი მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი სატრანსპორტო სისტემების განვითარების საკითხში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
პროექტის ფარგლებში, ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოებიც ჩატარდა, რის შედეგადაც, ნავსადგურში საკონტეინერო გემების მიღება, 11მ წყალშიგნით იქნება შესაძებელი. მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალის მშენებლობაზე კომპანიები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პროექტი 10 მილიონი ლარის უცხოური ინვესტიციით განხორციელდა.