კვირა 21, აპრილი 2019

ცინარიძეების 5 წევრიანი ოჯახის 85 წლის მარჩენალი

11, თებერვალი 2019 20:01:00

სოფლის ნობათით  და ყვავილებით მოვაჭრე ხანდაზმული ბათუმიდან.  შაქრო ბაბუს  ჭავჭავაძის ქუჩაზე  შეხვდებით. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად მოხუცი ქუჩაში საათობით ზის . ცინარიძეების 5 წევრიანი ოჯახის მარჩენალის პორტრეტი მაცნეში
სოფლის ნობათს და ყვავილებს ამ პირობებში ხანდაზმული უკვე წლებია ჰყიდის. 85 წლის შაქრო ცინარიძემ მოკრძალებული ადგილი ჭავჭავაძისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაში იპოვა - ეს იმიტომ, რომ ქვეითები არ შეაწუხოს. პროდუქციას აქ ყოველდღიურად  საგულდაგულოდ აწყობს.

ვაჭრობას დღის მეორე ნახევარში იწყებს. ხანგრძლივი ლოდინი მოხუცისთვის დამღლელი, მაგრამ გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგანაც ეს თავის რჩენის ერთადერთი საშულებაა. მოხუცს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს, თუმცა არჩევანის საშუალება არ აქვს. 

თვითდასაქმებული სოფლის ნობათისა და ყვავილების რეალიზებით  5 წევრიან ოჯახს არჩენს. 

მოხუცი ადრე რძის პროდუქტებსაც ყიდდა. მძიმე სოციალური  მდგომარეობის შედეგად, ახლა მსხვილფეხა რქოსანი აღარ ჰყავს. ფინანსების არქონის გამო, ვერც სათბურის მოწყობას ახერხებს. 

ხანდაზმულს ბოლო 5 წლის განმავლობაში 2 შვილი დაეღუპა. სწორედ ამის გამო მოუწია ქუჩაში გამოსვლა და ვაჭრობა.