შაბათი 20, ივლისი 2019

წაბლიანში მცხოვრები შაინიძეები უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ითხოვენ

13, თებერვალი 2019 20:03:00

არსებობა საფრთხის შემცველ გარემოში და მკურნალობისთვის გაყიდული ოჯახის მარჩენალი მსხვილფეხა პირუტყვი. რას სთავაზობს და როგორ ეხმარება ხელისუფლება, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ოჯახს? სიუჟეტი მაღალმთიანი აჭარიდან 

გოჩა შაინიძე გვიყვება, რომ მთიდან ჩამოსული ქვები საცხოვრებელ სახლს ხშირად აზიანებს. იმის გამო, რომ წასასვლელი არ აქვთ, არსებობა საფრის შემცველ გარემოში უწევთ.

ამ ოჯახის პრობლემა, მხოლოდ საცხოვრებელ სახლთან განვითარებული სტიქიური პროცესები არ არის. ოჯახის ორ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მკურნალობის მიზნით კი, ის მეწველი ძროხებიც გაყიდეს, რითაც თავს ირჩენდნენ. დიასახლისი გვიყვება, რომ მედიკამენტებსაც ხშირად ბანკიდან გამოტანილი სესხით ყიდულობენ. მათი ერთადერთი შემოსავალი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე გოჩა შაინიძის 120 ლარიანი პენსიაა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ორი სოფლის, წაბლანა -წაბლიანის მოსახლეობისთვის  ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსი შენდება, სადაც ფართობს 208 ოჯახი მიიღებს. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას - რამაზ შავაძე განმარტავს, რომ მუდმივ მკურნალობას დაქვემდებარებული ონკოლოგიური პაციენტებისთვის მერიას მხოლოდ ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა აქვს, რითაც მოსარგებლე ბენეფიციარებს წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ 200 ლარით ეხმარებიან.

ხულოს მერიას წელს 13 სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ჯამში, დაახლოებით  600 000 ლარია გათვალისწინებული.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

 


დღის ამბები