15, თებერვალი 2019 20:04:00
ორთაბათუმის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება ჭიანურდება. იმის მიუხედავად, რომ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშოებზე ათასობით ლარი დაიხარჯა, იქ ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად კვლავ მოუწესრიგებელია. ვინ არის პასუხისმგებელი ხარვეზებით შესრულებულ სამუშაოებზე? ჩვენი ჟურნალისტი არკვევდა.
დაბზარული და დანესტილი კედლები, ჩამოცვენილი ბათქაში, ნაწილობრივ დამონტაჟებული ფანჯრები, - ეს 2018 წელს აშენებული ორთაბათუმის საბავშვო ბაღის შენობაა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში იატაკიც დაზიანებულია. ბაღის პერსონალი და ადგილობრივი მოსახლეობა კამერის წინ ღიად საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა პირად საუბრებში გაჭიანურებულ პროცესს აქ არსებულ პრობლემებს უკავშირებს.
ოპოზიცია აქ არსებულ მდგომარეობას კორუფციულ გარიგებებს უკავშრებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ირწმუნებიან, რომ შენობა-ნაგებობა აუდიტის სამსახურმაც შეამოწმა და ხარვეზებიც დააფიქსირა. შორენა ცინცაძის თქმით, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები შპს- ,,კომპანიონმა“ და შპს ,,მარდმა“ განახორციელა. ამ უკანასნელის მენეჯმენტში ირწმუნებიან, რომ სამუშაოები იდეალურად შეასრულეს და ნაგებობა მუნიციპალიტეტს ხარვეზის გარეშე ჩააბარეს.
რა გააკეთა და როგორ შეასრულა ხელშეკრულებთ გათვალისწინებული სამუშაოები შპს- ,,კომპანიონმა“ - კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ხელვაჩაურის მერიაში კი გვარწმუნებენ, რომ შპს-მ სამუშოები ხარვეზებით შეასრულა, რის გამოც დაჯარიმდა კიდეც.
ორთაბათუმის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება ერთ თვეში იგეგმება. დაწესებულებაში 180 ბავშვია რეგისტრირებული