19, თებერვალი 2019 20:04:00
თიბისი ბანკის დამფუძნებელი სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმაზე ალაპარაკდა. დეტალებით ახლა სულხან მესხიძე შემოგვიერთდება. სულხან, რაზე დეტალებს ასაჯაროვებს მამუკა ხაზარაძე?
ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა თიბისი ბანკზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომლის მიზანიც ორგანიზაციის დაპატრონებაა -- იმაზე, რაზეც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ღიად ვერ ისაუბრა, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში დაწერა. კონფიდენციალურ შეტყობინებაში ხაზარაძე ამბობს, რომ 29 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებების მხრიდან უპრეცენდენტო შეტევებისა და წნეხის ქვეშ იმყოფებიან.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან თიბისი ბანკის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობისთვის პარლამენტის შესაბამის კომიტეტში მივიდნენ და დეპუტატებს 11 წლის წინ განხორციელებულ იმ ტრანზაქციებტზე მიაწოდონ ინფორმაცია, რომლის გამოც პროკურატურამ ისინი ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. საკომიტეტო სხდომაზე ხაზარაძე და ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ევროპულმა საქართველომ მიიწვია. დავით ბაქრაძე თვლის, რომ საჭიროა ბანკის დამფუძნებელმა საჯაროდ დაასახელოს ვინ დგას მათ წინააღმდეგ დაწყებული შეტევის უკან.
თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ნებისმიერ დროს დააკავონ. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს - თიბისი ბანკის ხელში ჩაგდება და ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა.
მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ საკითხის ზედმეტი პოლიტიზირება საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს და სამართალდმცავი ორგანოების ინტერესებს დააზიანებს.
მე მაყურებელს შევახსენებ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ედავებიან, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძისა და ჯაფარიძის თიბისის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ჩამოშორება მოითხოვა, ხოლო პროკურატურამ დაასკვნა, რომ სახეზეა ფულის გათეთრების ნიშნები.