13, მარტი 2017 20:54:00
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ 11-12 მარტის აქციის წინაპირობაზე საუბრობენ. პარტიაში განმარტავენ, რომ მომხდარი სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგია. სპეციალურ ბრიფინგზე განცხადებები ელგუჯა ბარგატიონმა და ლევან ვარშალომიძემ გააკეთეს. ვარშალომიძე პასუხისლგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. აცხადებს, რომ ხელისუფლება მოსახლეობასთან გამოსვლის და განმარტებების ნაცვლად, სირაქლემას პოზიციაში ჩადგა და მათ საბოლოოდ სპეცრაზმით დაუპირისპირდა. იგი ასევე განმარტავს, რომ აქცია არა იმ კონკრეტული ჯარიმის გამოწერის, არამედ ბოლო წლებში ძალოვანი სტრუქტურის პოლიტიკის შედეგი იყო. ლევან ვარშალომიძემ ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავებზე იერიში არა აქციის მონაწილეებმა, არამედ სუს-ის ჯგუფმა მიიტანა, რომელიც აქციის მონაწილეებს შორის სპეციალურად გაერივნენ და რასაც დაპირისპირება და ვანდალიზმი მოყვა. აღნიშნა ისიც, რომ ეს იყო სპეციალური ქმედება, პოლიტიკური ოპონენტებისთვის დაებრალებინათ მომხდარი და ამით ხელისუფლებას თავისი უსუსურობა დაეფარა, შედეგად კი მოსახლეობაში პოლიციისადმი დაკარგული ნდობა მიიღეს.