ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

რატომ დაგვიანდა ხელფასების გაცემა აჭარის მთიანეთში

27, თებერვალი 2019 20:05:00

თვითმართველობის ბიუჯეტების დაფინანსების წესის შეცვლამ, აჭარის მთის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.  ეს თანამდებობრივი სარგოს გაცემას უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ  საგადასახადო წესით მიღებული შემოსავალი მწირია. ამან კი მერიებს ხელი შეუშალა ხელფასები ჩვეულ დროს გაეცა.

ხელფასები ჯერ არ აუღიათ ხულოს მუნიციპალიტეტში. მერის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ უწყებამ ხაზინას წერილობით მიმართა და საბიუჯეტო დაფიანსებაზე მყოფი ყველა თანამშრომელს ხელფასი კვირის ბოლომდე დაერიცხება.
 
ხულოს მუნიციპალიტეტის მთავარი ფინასისტი განმარტავს, რომ სახელფასო სარგოს გაცემასთან დაკავშირებით მერიას კანონი არ დაურღვევია. აღმასრულებელ,  საკანომდებლო რგოლო და და უწყებას დაქვემდებარებულ აიპებში დასაქმებული თანამშრომლების ერთი თვის სახელფასო ფონდი 400 ათასი ლარს შეადგენს, დღგ-ს შემოსავლი კი თვეში 180 ათას ლარს შეადგენს.

ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად, ხელფასების გასაცემად დაფინასება ითხოვა შუახევის მერიამაც. უწყების საფინასო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ აიპებში დასაქმებულ 430 თანამშრომელს ხელფასი დროულად დაერიცხა. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს კი დღეს დაერიცხათ. ცენტრალური ბიუჯეტისგან, შუახევის მერიამ მილიონ 2000 -მდე ლარი მიიღო, რაც ანზორ ცეცხლაძის თქმით, დაახლოებით სამ თვის სახელფასო ფონდის  მარაგია.
რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ ხელფასები მხოლოდ ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულ თანამშრომლებს არ მიუღიათ. მერი იმედოვნებს, რომ აიპის თანამშრომლებს ხვალ, დღის ბოლომდე დაერიცხებათ ხელფასები და დასძენს, რომ ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით სამომავლოდ პრობლემები არ შეიქმნება.

ის, რომ  მუნიციპალიტეტებში ხელფასები დროულად არ გაიცა - ეს გარემოება ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ხულოს მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება, რომ უწყების მიერ საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ფინანსური კრიზისი. დეპუტატმა ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ თვითმართველობამ თანხა კერძო ბანკისგან ისესხა, რაც მუნიციპალიტეტში არ დაადასტურეს.

არსებული რეალობის მიუხედავად, მთის მუნიცპალიტეტებში დაფინასების მოდელს უკეთესად მიიჩნევენ და დასძენენ, რომ ცვლილებით, კანონმდებლობა არ დარღვეულა.

სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა .