ორშაბათი 26, აგვისტო 2019

ქობულეთში ზღვისპირა ბულვარის მშენებლობა იწყება

28, თებერვალი 2019 20:04:00

ქობულეთში კი მთავრობის გასვლითი სხდომა ტრადიციულად დახურულ კარს მიღმა შედგა. გახმოვანდა რამდენიმე გადაწყვეტილება.

დიახ ია, სოციალურად დაუცველები, რომელებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართობების დაკანონებას, ბინები უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში გადაეცათ, რომლებმაც ობიექტები სხვადასხვა დროს თვითნებურად დაიკავეს. ასეთი კი მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 31 ოჯახია, მათ შორის არიან ეკომიგრანტებიც. ცნობისთვის, ეს ოჯახები ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ. განკარგულების შესახებ რეგიონის პირველმა პირმა სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სოციალურად დაუცველებიც ესწრებოდნენ. 

დღესვე მთავრობის გასვლით სხდომაზე ისიც გახდა ცნობილი, აჭარაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განხორციელდება. ამ ეტაპზე უცნობია პროგრამის დეტალები. ითქვა, რომ მაისამდე ყველა მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები ჩატარდება, სადაც ადგილობრივების მოსაზრებებს მოისმენენ. სწორედ შეხვედრების დროს გამოკვეთილი ინიციატივების საფუძველზე განისაზღვრება პროგრამის შინაარსი. ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ პროექტისთვის ოთხი მილიონია გათვალისწინებული.

ქობულეთში, ასევე რამდენიმე ინფრასტრუტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის სხდომაზე ზღვისპირა ბულვარის მშენებლობის საკითხიც დაანონსდა. ტურისტულად აქტიური 2 840 მეტრი სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. გარდა ამისა, მომზადდება დაბა ჩაქვისა და ციხისძირის განაშენიანების გეგმაც, რაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, ტურისტული ადგილების განვითარებას ხელს შეუწყობს. 


ტრადიციულად აჭარის მთავრობის სხდომა მედიისთვის დახურულია, შესაბამისად დახურულ კარს მიღმა განხილული თემების შესახებ პრესას ინფორმაციას პრესცენტრი აწვდით. პრეს-რელიზის სახით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, განათლების მინისტრმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და ახალგაზრდობის კომპონენტის ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბების საკითხზე ისაუბრა, რაც მათივე თქმით, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიმცემი გახდება. 

მთავრობის გასვლით სხდომაზე რამდენიმე ინიციატივა გახმოვანდა მათ შორის იყო, ქობულეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის საკითხიც. რეგიონის მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს ტერიტორია გამოუყო, სადაც ობიექტის მშენებლობა იგეგმება. შეხვედრაზე პეტრას ციხის განვითარების პარალელურად კი ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის საკითხიც დაანონსდა.