პარასკევი 23, აგვისტო 2019

სუს-ი ხელვაჩაურის მერიის საქმიანობას სწავლობს

01, მარტი 2019 21:00:00

ხელვაჩაურის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  შევიდა.  რა ინტერესი აქვს სუსს და უკავშირდება თუ არა ეს უწყებაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალჩინოსნების ირგვლივ ატეხილ ხმაურს? რატომ წავიდა მერის მოადგილე? როგორ მუშაობდა ხელმძღვანელობა?  

დიახ ია, ხელვაჩაურის მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნები საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ. გამომძიებლებმა უწყებიდან დოკუმენტაცია წაიღეს, სავარაუდოდ საბიუჯეტო თანხების გახარჯვის მიზნობრიობის გამოკვლევის გამო.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა გამომძიებლების უწყებაში შესვლის ფაქტი „TV 25“ პრესცენტრში ექსკლუზიურად დაუდასტურეს. 

რატომ შევიდა საგამოძიებო ორგანო ხელვაჩაურის მერიაში? ვკითხეთ მუნიციპალიტეტის მერს. ჯუმბერ ვარდმანიძის მტკიცებით, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ვარაუდობს, რომ საქმე ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციას ეხება. საქმე ისაა, რომ  ობიექტის მშენებლობაზე ტენდერი 2018 წელს გამოცხადა. პროექტზე კი  459 467 ათასი ლარი დაიხარჯა. აუდიტის დასკვნის თანახმად, სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა.

როგორც ცნობილია აუდიტმა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებში მნიშვნელოვანი ხარვეზები დააფიქსირა. საკმაოდ კრიტიკული შენიშვნების მიუხედავ ჯუმბერ ვარდმანიძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. დარწმუნებულია, რომ სიმართლე მალე გაირკვევა. მუნიციპალიტეტის მერს არც იმის მოლოდინი აქვს, რომ აღნიშნულ საქმეზე პროცესი ვინმეს დაკავებით დასრულდეს.

ხელვაჩაურის მერიაში საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები ორი დღის წინ მივიდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს თავჯდომარე ფლობს, თუმცა გვარწმუნებს, რომ საქმის დეტალები არ იცის. ნადიმ ვარშანიძეს ფიქრობს, რომ გამომძიებლების უწყებაში შესვლა ჩვეულებრივი მოვლენაა, დარწმუნებულია, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდება. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ზვიად ხალვაშს არ დაუკონკრეტებია, სამსახურიდან წასვლის სურვილი რატომ გაუჩნდა. იგი ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ზვიად ხალვაშს ორთაბათუმში მიაკითხა, თუმცა ყოფილი საჯარო მოხელის საცხოვრებელი დაკეტილი დაგხვდა. უკავშირდება თუ არა საგამოძიებო ორგანოს მერიაში შესვლა ხალვაშის საქმიანობას? ვკითხეთ ხელვაჩაურის მერსა და საკრებულოს თავჯდომარეს - თუმცა მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები პროცესში ხალვაშის ბრალეულობას ვერ ხედავენ.


დღის ამბები