პარასკევი 19, ივლისი 2019

რატომ არ ცხადდება ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი

04, მარტი 2019 20:02:00

რატომ არ ცხადდება კონკურსი ვაკანტურ ადგილებზე ? თანამშრომლების დამატებას ქედის , ხულოს, შუახევის და ხელვაჩურის მერია საჭიროებს. საქმეს ისევ უწყებებში დასაქმებულები, დამატებითი ანაზღაურების გარეშე ასრულებენ,   მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები  კი კონკურსის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავენ. 

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის პოზიცია თითქმის ერთი წელია ვაკანტურია, ვაკანტურია ამავე სამსახურში, განყოფილების უფროსის პოზიციაც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის თითქმის ნახევარზე მეტი თანხის ხარჯვაზეა პასუხისმგებელი, აქ საქმეს ოთხის ნაცვლად ორი თანამშრომელი ასრულებს. ამ პოზიციების გარდა, ქედაში ვაკანტურია მერის მოადგილის, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში, ზედამხედველობის სამსახურსა და მახუნცეთის თემში სპეციალისტის პოზიციები. საჯარო მოხელეები, რომლებსაც სხვა ფუნქციები აქვთ შეთავსებული საქმეს ფინასური დანამატის გარეშე ასრულებენ.

თანამდებობები ვაკანტურია ხულოს მერიაშიც. შესყიდვების სამსახურში განყოფილება უფროსის გარეშე მუშაობს. უწყებაში ასევე, ვაკანტურია 9 სპეცილისტის ადგილი. ხულოს მერიის იურიდიული განყოფილების სპეციალიალისტის, განმარტებით, მერიაში პოზიციები, გასული წლის ნოემბერში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ გათავისუფლდა. 

რაც შეეხება შუახევის თვითმართველობას, მერის ფრიდონ ფუტკარაძის თქმით,  აქ მხოლოდ ერთი ვაკანტური პოზიციაა.

ამ ეტაპზე შვიდი ვაკანტური ადგილია ხელვაჩაურის მერიაში. არსებული ადამიანური რესურსის საჭიროებისა და იმ სოციალური ფონის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაშია, აჭარის მთის მუნიციპალიტეტების მერები შტატით გაწერილ პოზიციებს, მოქალაქეების დასაქმებისთვის დროულად არ იყენებენ, უფრო მეტიც, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. მერიებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილს, საკუთარი მოვალეობის  პარალელურად, სხვა პოზიციაზე შტატით გაწერილი მოთხოვნების შესრულებაც, ყოველგვარი დანამატის გარეშე თვეების განმავლობაში უწევთ.


დღის ამბები