05, მარტი 2019 20:03:00
ბათუმის საზღვრები მცირდება, კომპანიას, კი რომელმაც ე.წ ლუშკოვის სახლის ნაცვლად ტერიტორიაზე ცათამბჯენები უნდა ააშენოს, განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება დაევალა. გადაწყვეტილებები დღეს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
კომპანია,,ალიანს სიტი“ ე. წ ლუშკოვის სახლის ნაცვლად, სამი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კომპანიას განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება დაევალა. რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე ერთ 50 და ორ 40 -45 სართულიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი. კომპანია ასევე, საცხოვრებელი ზონის სტატუსის, საზოგადოებრივით შეცვლა სურს.
საკითხს მხარი არ დაუჭრა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. მირდატ ქამადაძის თქმით, ახალი პროექტი ქალაქს სარგებელს ვერ მოუტანს. არასაკმარისი კონსულტაციების მოტივით კი, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომიისიის თავმჯდომარემ, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ბათუმის გარკვეული ტერიტორიის ისევ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბრუნების საკითხზეც იმსჯელს. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, 535 482 კვ მ ფართობი ისევ ხელვაჩაურის მერიის საკუთრებაში გადავა. საუბარია 391 ოჯახზე.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე მდებარე წრიულიდან, ანწუხელიძის ქუჩამდე არსებულ საავტომობილო გზას ქუჩის სტატუსი მიენიჭა. განახლდა ასევე, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოც. შემადგენლობაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შევლენ.
დღის წესრიგით გათალისწინებულ საკითხებზე მსჯელობის დაწყებამდე დეპუტატებმა რამდენიმე თემაზე გაამახვილეს ყურადღება. საკრებულოს დამოუკიდბელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე, ქალაქის სხვადასხვა ადგილას, გასაყიდად გამოყვანილი ავტომობილების რეგულირების საკითხით დაინტერესდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი, კოლეგებისგან ,,თიბისი“ ბანკის ირგვლის განვითარებული მოვლენების, პოლიტიკურ შეფასებას ითხოვდა.
ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხზე იმსჯელეს