შაბათი 24, აგვისტო 2019

4 წლიანი პაუზის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

05, მარტი 2019 20:05:00

ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. 2015  წელს ახსნა- განმარტების  გარეშე პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ მან დღეს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური მდივნის თანამდებობა მოირგო. რატომ ჩათვალა  პარტიამ  საჭიროდ მისი მეორედ მოყვანა  და რას ცდილობს პოლიტიკური სვლით მმართველი გუნდი ?  


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გიორგი ვოლსკი ჩაანაცვლა და პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა და არც საკუთარ გეგმებზე უსაუბრია, თუმცა კადრებში, რომელიც პრესცენტრმა გაავრცელა ჩანს, რომ პოლიტიკაში მეორედ მოსულმა ღარიბაშვილმა  არა მარტო პოლიტიკური მდივნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის გვერდით სავარძელიც დაიკავა. 

გიორგი ვოლსკი, რომელმაც ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ახლად შექმნილ თანამდებობაზე გადაინაცვლა და პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი გახდა, ამბობს, რომ ღარიბაშილის სახით ოცნებაში კარგი რესურსი დაბრუნდა. პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ახალი პოლიტიკური მდივანი, შუალედური არჩევნების შედეგად მთაწმინდის მაჟორიტარად პარლამენტშიც შევიდეს.

წარმატებული ლიდერის დროული პოლიტიკური გადაწყვეტილება - ასე აფასებენ  ღარიბაშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლას ქართული ოცნების ე.წ. ახალგვარდიელები. იმედი აქვთ, რომ ამ დაბრუნებით, პარტიის პოზიციები გაძლიერდება.

ირაკლი ღარიბაშვილის მმართველ პარტიაში დაბრუნებას მიესალმებიან ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატებიც, რომლებიც თვლიან, რომ ოცნებას სერიოზული სისტემური ცვლილებები სჭირდება. 

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება „ქართული ოცნების“ უკან დაბრუნებას ნიშნავს. მიაჩნიათ, რომ მკვდარი სულების გაცოცხლება სახელისუფლო პარტიას პოლიტიკურ სიცოცხლეს ვერ გაუხანგრძლივებს.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში პირველად 2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯკვების შემდეგ მოვიდა. მან ახალ მინისტრთა კაბინეტში შინაგან საქმეთა სამინისრტო ჩაიბარა. 2013 წელს კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა. სწორედ ნდობისა და იმიჯის პრობლემა გახდა სავარუდოდ პოლიტიკიდან ღარიბაშვილის მოულოდნელი წასვლის მიზეზიც.  პოსტის დატოვების შესახებ  მან 2015 წლის 23 დეკემბერს  საღამოს 8 საათზე მთავრობის კანცელარიიდან განაცხადა, თუმცა მიზეზები მაშინ არ განუმარტავს. 


დღის ამბები