სამშაბათი 16, ივლისი 2019

ბულვარში ელექტრომობილებით და კვადროციკლებით გადაადგილება იკრძალება

05, მარტი 2019 20:02:00

1 მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე  ახალი რეგულაციები ამოქმედდება. იკრძალება  მოტოციკლით,   კვადროციკლით და ელექტრომობილით  გადაადგილება.  ინიციატივა ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციას  ეკუთვნის. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. რა შენიშვნები ჰქონდა  სიახლესთან დაკავშირებით ოპოზიციას და რას ფიქრობენ მესამე სექტორში?


რეგულაციები, რომლებიც ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით პირველი მაისიდან ამოქმედდება, ელექტრომობილებისა და კვადროციკლების ბულვარში გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს. მაისამდე ბულვარის შესასვლელსა და გასასვლელში ელექტრო მობილების ამკრძალავი ნიშნულებიც განთავსდება. იმ შემთხვევაში თუ კანონს ელექტრო მობილებისა და კვადროციკლების მფლობელები დაარღვევენ, პატრულისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმდებიან.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას მოქალაქეები დადებითად აფასებენ. ფიქრობენ, რომ დასვენების ზონებში უსაფრთხოების კონტროლი მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს.

ოპოზიცია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების კონტროლს მიესალმება, თუმცა მიაჩნიათ, რომ რეგულაციას ელექტრო მობილები არ უნდა დაექვემდებაროს.

ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნა მისაღებია „ევროპული საქართველოს“ წევრისთვის. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი იმ ფაქტებს იხსენებს, როდესაც ბულვარის ტერიტორიაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო მოქალაქეები დაშავდნენ.

საკრებულოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ მესამე სექტორშიც, ნინო ჩხაიძე ბულვარის ტერიტორიაზე იმ საფეხმავლო და ველობილიკებზე საუბრობს, რომლებიც ელექტრო მბილებმა და კვადროებმა აითვისეს.

ადმინისტრაციამ ბულვარის ტერიტორიაზე მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით მოითხოვა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ბულვარში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მხრიდან დარღვევის 51 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

რეგულაცია ბულვარის გარდა, სკვერებზეც გავრცელდება. ცნობისთვის, ელექტრო მობილებისა და კვადროებისაგან მიღებული იჯარით ბულვარის ადმინისტრაციაში ყოველწლიურად დაახლოებით, 80 ათას ლარამდე შედიოდა.
 


დღის ამბები