პარასკევი 23, აგვისტო 2019

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ პარკს ქობულეთის მერია არ უვლის

11, მარტი 2019 20:55:00

მოვლა პატრონობის გარეშე დარჩენილი მწვანე სივრცე ქობულეთის მუნიციპალიტეტში.  სოფელ ბუკნარში, პარკში ხეები ხმება.   ეს კი იმის გამო ხდება, რომ  მერიამ რეკრეაციული ზონა არც   შემოღობა  და  ადგილზე  ვერც სადრენაჟე სისტემის დამონტაჟება მოიფიქრა.

იმის გამო, რომ პარკში სადრენაჟე სისტემა არ არის მოწყობილი უხვი ნალექის დროს ნარგავები იტბორება, რის გამოც ტერიტორია უკვე დაჭაობებულია. ბეტონის ფილები კი სარეველა ბალახითაა დაფარული. ადგილობრივთა თქმით, უყურადღებობის შედეგად აქ სკამების ნაწილიც მოიპარეს. 

ქობულეთის მერის მოადგილეს გაუჭირდა იმის გახსენება თუ როდის მოინახულა ბოლოს პარკი. თუმცა გვარწმუნებს, რომ მცენარეები არ გამხმარა. დავით ვერულიძის ინფორმაციით,  წიწვოვან ხეებს სპეციალისტი უვლის. 

პარკში არსებული მდგომარეობა გამწვანების სამსახურს ადგილზე არ შეუსწავლია, თუმცა ზვიად რომანაძე თანამშრომლებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ მცენარეები არ გამხმარა. 

ქობულეთის მერიაში თავდაპირველად ისიც ვერ გათვალეს, რომ პარკს სადრენაჟე სისტემა ესაჭიროებოდა. გამწვანების სამსახურში ორი წლის განმავლობაში არც რეკრეაციული ზონის შემოღობვაზე უფიქრიათ. 

ზვიად რომანაძემ არგუმენტების გამყარების მიზნით პარკში ხელახლა მისვლა გვირჩია. ადგილზე სამსახურის აგრონომი დაგხვდა. ქობულეთის გამწვანების სამსახურის უფროსის დაპირების მიუხედავად, თანამშრომელი სატელევიზიო კომენტარზე არ დაგვთანხმდა, თუმცა პირადად იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც პარკში მცენარეს გახარება უჭირს.

წყალში გადაყრილი ფული - ოპოზიცია ბუკნარში ამ ტერიტორიაზე პარკის მოწყობას პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მიაჩნია, რომ არსებული შედეგი გამწვანების სამსახურის არათანმიმდევრულმა მუშაობამ გამოიწვია.

ბუკნარში, ამ ტერიტორიაზე მცენარეები იმ კომპანიამ დარგო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებით იყო დაკავებული. ბიძინა ივანიშვილის დავალებით მცენარეები იტალიიდან ჩამოიტანეს.


დღის ამბები