13, მარტი 2019 20:04:00
სამეფო კარის თამაშები დღითიდღე სანახაობას ემსგავსება. ბაგრატიონი თუ სიხარულიძე? სასამართლო ამის გარკვევას ცდეილობს.
მეფე, დედოფალს, დავის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მას შემდეგ რაც ყოფილმა მეუღლემ ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ სასამართლოში უჩივლა და თაღლითობაში დასდო ბრალი, დავით ბაგრატიონ მუხრანელი, მედიასთან არ გამოჩენილა. მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამეფო კარის წარმომადგენლებს შორის დავა ბაგრატიონების გვარს რეპუტაციას ულახავს, ამიტომ მოსარჩელე მხარეს დავის შეწყვეტას სთხოვენ. ანა ბაგრატიონი კი სარჩელის უკან გატანას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ დავით ბაგრატიონი წერილობითი ფორმით დაადასტურებს, რომ მომავალში, სამეფო სახლის სახელს აღარასდროს გამოიყენებს.
დავა სამეფო ტიტულის უნებართვოდ სარგებლობის შესახებ გუშინდელი სასამართლო სხდომის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა. დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატის ინფორმაციამ, რომ ანა ბაგრატიონი რეალურად სიხარულიძეა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ანა ბაგრატიონის წარმომავლობაში ეჭვის შეტანის მთავარ მიზეზად ადვოკატი საპატრიარქოს მიერ 15 წლის წინ ჩატარებულ დნმ-ის ტესტს ასახელებს, რომლის თანახმადაც, მისი თქმით, ანას მამა ნუგზარ ბაგრატიონი არ არის. თუმცა საპატრიარქოში ამბობენ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და ბაგრატიონების წარმომავლობა, ეთნოგენეტიკის ცენტრმა შეისწავლა, რომელიც საპატრიარქოს დაფუძნებულია, თუმცა საპატრიარქო კვლევის შესახებ ინფორმირებული არ არის.
ანა ბაგრატიონის ადვოკატი კი ფიქრობს, რომ დნმ- ტესტზე საუბრით დავით ბაგრატიონის მხარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ამბობს, რომ პიროვნების წარმომავლობის დადგენა - ბაგრატიონია თუ სიხარულიძე, დნმ-ის ტესტით ვერ მოხერხდება და საჭირო იქნება ცხედრების ექსკუმაცია მოხდეს.
ცნობისთვის, 2009 წელს სამებაში პატრიარქის ინიციატივით გამართული სამეფო ქორწილის შემდეგ ანა და დავით ბაგრატიონების ოჯახური თანაცხოვრება მხოლოდ რამდენიმე წელს გაგრძელდა. სკანდალური გაყრის შემდეგ არარსებულ სამეფო კარზე მორიგი სკანდალი იწყება - საქალაქო სასამართლომ უნდა თქვა, აქვს თუ არა დავით ბაგრატიონს სამეფო სახლის სახელით სარგებლობის უფლება.