18, მარტი 2019 20:03:00
თითქმის საუკუნე მკითხველის სამსახურში. გაზეთი აჭარა 98 წლისაა. რა გამოწვევების წინაშე დგას ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ბეჭდური მედია, რომელიც რეგიონის მატიანეს ჰქმნის? რა გზა განვლო ყველაზე ხანდაზმულმა გამოცემამ და რა პირობებში საქმიანობენ თანამშრომლები?
დაბალი ჰონორარი, მუშაობისთვის შეუსაბამო პირობები, ადამიანური რესუსრსის სიმწირე - ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშე თითქმის ნახევარი საუკუნის, იუბილარი ბეჭდური მედია დგას. ნინო ცხვარაძე გაზეთში 20 წელია მუშაობს. ჟურნალისტი, რომლისთვისაც ეს გარემო სამსახურზე მეტია, ამბობს,რომ პროფესიულ თავისუფლებასთან ერთად აქ მუშაობა ბევრ სირთულესთან ასოცირდება.
მიზერულ ჰონორარზე უწევს სტატიების მომზადება მანანა ტაკიძესაც. ჟურნალისტი მკითხველს გაზეთის ფურცლებით რეგიონში მომხდარ ამბებს წლებია უზიარებს. იმისთვის, რომ ერთგულ მკითხველს არ უღალატონ, სარედაქციო კოლეგიას ძირითადად ენთუზიაზმზე უწევს მუშაობა. თანამდეროვე გამოწვევებზე ფეხის აწყობას კი ძველი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობით ცდილობენ.
გაზეთი „აჭარას“ 100 პროცენტიან წილს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ფლობს. 230 ათასი ლარი-ეს ის თანხაა, რომელსაც უწყება დასაფინანსებლად გასცემს. რედაქტორი თვლის, რომ სწორედ თანხის სიმცირეა ძირითადი მიზეზი, რის გამოც გაზეთი ოპერატიულობას კარგავს. მარინა მითაიშვილი ერთ-ერთ გამოწვევად ასევ,ე კადრების სიმცირესაც ასახელებს. სირთულეების მიუხედავად, ცდილობენ მემატიანის ფუნქცია არ დაკარგონ.
რა კეთდება მენეჯმენტის მხრიდან ბეჭდური მედიის განვითარებისთვის? გაზეთის დირექტორი თვლის, რომ ამ მიმართულებით მაქსიმუმალურად მუშაობენ. მამუკა ბერიძე ამტკიცებს, რომ გაზეთის ფურცლები ყველა ტიპის მასალას ეთმობა:
გაზეთის მნიშვნელობას და ფუნქციას ხაზს უსვამს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, თუმცა ჯაბა ფუტკარაძე დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს ამბობს. რეგიონის პირველი ფინანსისტი ამ ეტაპზე მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ბეჭდური მედიის მხარდაჭერა სამომავლოდაც გაგრძელდება.
რეგიონში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გაზეთი „აჭარა“ 1921 წლის 18 მარტს რუსულ ენაზე გამოიცა, მეორე დღეს კი ქართულ ენაზე დაიბეჭდა. მას შემდეგ, გამოცემა რეგიონის მატიანეს ქმნის. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ბეჭდური გამოცემა, პერიოდულად, სხვადასხვა მთავრობას ექვემდებარებოდა.