25, მარტი 2019 20:05:00
გადაადგილება ავარიულ გზაზე. წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ინასარიძის ქუჩაზე. ტურისტული ზონა, სადაც საბავშვო ბაღი და სკოლა მდებარეობს, დისკომფორტს ადგილობრივებთან და ტურისტებთან ერთად სკოლასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისკენ მიმავალი მოქალაქეებისთვის წარმოადგენს.
ეს ინასარიძის ქუჩაა. აქ ინფრასტრუქტურა წლებია მოუწესრიგებელია. ადგილობრივების თქმით, გაწვიმებისას გადაადგილებაც თითქმის შეუძლებელია, ხოლო მზიან ამინდებში მტვერია. დატაობებული ტერიტორიის გამო დასახლებაში უსიამოვნო სუნია. აქ მცხოვრებლები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაპირბებს ისმენენ. თუმცა რეალობა არ იცვლება.
აქ გადაადგილება მძღოლებსაც უჭირთ. ამბობენ, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, ავტომობილები ზიანდება.
ინასარიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე არც ტროტუარებია მოწყობილი. აქვეა, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა. მოსწავლეებისთვის გადადგილება წლებია დისკომფორტს წარმოადგენს.
საჯარო სკოლის გარდა, აქ საბავშვო ბაღიც ფუნქციონირებს. მშობლების თქმით, ტერიტორიაზე პატარებისთვის შეუსაბამო გარემოა, პრობლემის მოგვარებას კი არავინ ცდილობს.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ირწმუნებიან, რომ ტერიტორია მხოლოდ მას შემდეგ მოასფალტდება, რაც ახალი წყალარინების სისტემა მოეწყობა.
ინასარიძის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემაცაა მოსაწესრიგებელი. ბათუმის მერიის ინფრომაციით, ქუჩის რეაბილიტაცია ზაფხულში იგეგმება.