სამშაბათი 20, აგვისტო 2019

მოქალაქემ პოლიციის შენობაში თვითმკვლელობა სცადა

25, მარტი 2019 20:03:00

4  თვის წინ ქალაქში საკმაოდ უცნაური ფაქტი დაფიქსირდა.  ძარცვა პოლიციის შენობის მიმდებარედ პოლიციის  სახელით მოხდა.  დღეს  საგამოძიებო  ორგანო  ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.  სამართალდამცავ  სტრუქტურაში    მოქალაქემ იარაღით ისე შეაღწია, რომ გახარიას უწყების თანამშრომლებმა  ვერ შენიშნეს. უფრო მეტიც,   კაცმა ქუჩაში ჯერ მოქალაქე დაჭრა,  მოგვიანებით კი პოლიციელების  თვალწინ თვითმკვლელობა სცადა.  

პირი, რომელმაც ბათუმის მეორე განყოფილებაში მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რეფერალურ საავადმოყოფოშია გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში შეტყობინება 20:51 წუთზე შევიდა. 

თვითდაზიანებამდე მოქალაქემ პოლიციის შენობის მიმდებარედ ადამიანი დაჭრა. დაშავებული ბათუმის ,,მედ ცენტრში“ 20:40 წუთზე, თვითდინებით  შევიდა. მედიკოსების ცნობით, 35 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მარჯვენა მხარში ჰქონდა მიყენებული. ამ ეტაპზე პაციენტი  ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად  გასროლა ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. მას შემდეგ, რაც დაჭრილი კაცი ,,მედ ცენტრში“ მივიდა, კლინიკამ პოლიციას შეატყობინა. სავარაუდოდ, სწორედ  შეტყობინების შემდეგ მოხდა ბრალდებულის, დაკავება და მეორე განყოფილებაში გადაყვანა.  50 წლამდე კაცმა  სწორედ საგამოძიეობო ორგანოში ყოფნისას ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა. 

რა გახდა ინცინდენტის მიზეზი და როგორ მოხდა, რომ პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულს  ცეცხლსასროლ იარაღზე ხელი მიუწვდებოდა?  - კითხვებს ახლა შესაბამისმა უწყებებმა უნდა გასცენ პასუხი. ფაქტის  შესახებ აჭარის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის ორი -  თვითმკვლელობამდე მიყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაკვალიფიცირდა. პროკურატურის პრესცენტრში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. 


დღის ამბები