28, მარტი 2019 20:02:00
ვინ აშანტაჟებს ბესელიას? მმათველი გუნდის ყოფილს წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გაუსაჯაროვეს. დამკვეთის გამოვლენას ითხოვს ოპოზიცია და მესამე სექტორი.
ეკა ბესელიასა და მის ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირიპირება პიკს აღწევს - ბესელია ყოფილ თანაპარტიელებს მის მიმართ განხორციელებული მორალური ტერორის მონაწილეებად ასახელებს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვების უკან სწორედ მათ ხედავს. ის სოფო კილაძეს, ანრი ოხანაშვილს და დავით მათიკაშვილს "კოლექტიური ტერორისტებს" უწოდებს.
ეკა ბესელიას ამ განცახდებას დავით მათიკაშვილი უღირსს უწოდებს. მისი თქმით, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებაა უღირსი საქციელი ასევე უღირსობაა ეს სხვას დააბრალო. სოფო კილაძე კი ბესელიას პასუხო ღირსადაც აღარ თვლის. თუმცა მმართველი უმრავლესობის ნაწილი სამართალდამცავებს სწარფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი ეჭვიც არ ეპარებათ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის და მორალური ტერორის უკან სწორედ მმართველი ძალა დგას. მათი შეფასებით, ფარული კადრები ქართულ ოცნებაში პოლიტიკური დაპირიპირების გამძაფრების პარალელურად ვრცელდება.
ოპოზიციის მსგავსად ფარული კადრების ინეტრნეტში განთავსების დამკვეთის გამოვლენას ითხოვს არასამთავრობო სექტორიც. საია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვების საქმეზე სამართალდამცავების რეაგირებას კრიტიკულად აფასებს.
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში კიდევ ერთხელ გავრცელების შესახებ 2 დღის წინ გახდა ცნობილი. გუშინ ამ საქმეზე 19 წლის ბიჭი დააკავეს, რომელსაც დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფას ედავებიან.