16, მარტი 2017 17:12:00
ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა. პაციენტები საავადმყოფოში სახელმწიფო დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებენ. პირველი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა. შესაბამისი დონის მისაღებად სამშობიაროს სახლს წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარე უნდა ჰყავდეს და შესაბამის ხარისხობრივ სტანდარტს აკმაყოფილებდეს. პაციენტების რაოდენობის გაზრდის მიზნით 3 მარტიდან ბათუმის სამშობიარო სახლის მედ.პერსონალი უხელფასოდ მუშაობს. სამედიცინო დაწესებულებაში კი მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რათა ბლოკები სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს. დაგეგმილია აპარატურის შეძენაც. როგორც სამშობიარო სახლის პერსონალი განმარტავს, თვის ბოლოსთვის ისინი კომისიას ელოდებიან, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოპოვებას კვლავ შეეცადნონ. რა ხარჯები გასწია საავადმყოფომ მეორე დონის მოპოვებისთვის და არის თუ არა ეს ახალი მფლობელის მხიდან ინვესტირების შედეგი, ამ ეტაპზე სამშობიაროში არ აკონკრეტებენ.