09, აპრილი 2019 20:04:00
სადაოდ გამხდარი ნეშტები და საკითხი რომელიც შესაძლოა რელიგიებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს. პრეტენზიები რომლებიც საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების ცხედრების ხელახლა გადასვენებასთან დაკავშირებით აქვთ. რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ პროცესში ყველა მხარის ჩართულობა?
ახმედ მეკეიძე ერთერთია იმ ასეულობით ადამიანისგან, რომლის წინაპარიც სტალინური რეპრესიების შედეგად, დახვრეტილი მოქალაქეთა ნეშტების სიაშია. გვიყვება, რომ მისი ბაბუა ახმედი 1936 წელს ჟანდარმერიამ გაურკვეველი მიზეზით დააპატიმრა. უგზოუკვლოდ დაკარგულს წლების მანძილზე ეძებდნენ. ახლა კი სურს, რომ ნეშთი ოჯახს გადაეცეს და გარდაცვლილი მეუღლისა და შვილების გვერდით მუსლიმანური წესით დაიკრძალოს.
ანალოგიური მოსაზრეება აქვს ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელსაც. ტარიელ ნაკაიძე თვლის, რომ საკითხი შესაძლოა მართმადიდებელი და მუსლიმი თემის დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ნაკაიძე ხელისუფლების დანაშაულზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საკითხი სამართლებრივად უნდა შეფასდეს.
სამარხების მოძიების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მტკიცებით, ვიდრე გათხრები დაიწყებოდა ხელისუფლებას სამთავრობო კომისიის შექმნა თხოვეს, რომელშიც ყველა მხარე იქნებოდა ჩართული. თუმცა ზურაბ ზაქარიაძის თქმით, რეგიონის მთავრობამ მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
მუსლიმი თემის პრეტენზიებს იზიარებს ბათუმისა და ლაზეთის პრეს სპიკერი. დეკანოზი იოანე გორელიშვილის თქმით, ეპარქიასა და ხელისუფლებას შორის დნმ ბანკის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სწორედ ამის საშუალებით მოხდება ნეშთების იდენტიფიცირება.
პროცესის გამჭვირვალობის პირობას დებს აჭარის მთავრობის თავჯდომარე. თორნიკე რიჯვაძის თქმით, საკითხს სპეცილისტები სწავლობენ.
21 აპრილს სამოქალაქო დაკრძალვა გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ლაზეთისა და ბათუმის ეპარქიამ, საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი მოქალაქეების ნეშტები აღმოჩენისა და მისი დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია 4 აპრილს გაავრცელა.