11, აპრილი 2019 20:05:00
მაღალმთიან აჭარაში მალე პროფესიული სასწავლებელი ამოქმედდება. ადგილობრივები 4 მიმართულებებით გადამზადდებიან. სფეროები მოქალაქეების საჭიროებების საფუძველზე შეარჩიეს.
სოფელ დეკანაშვილებში მცხოვრები შოთა დეკანაძე, რომელიც ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია, ამბობს, რომ პროფესიული სასწავლებელი ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს და დასძენს, რომ მთის გაძლიერებისთვის სასწავლებლების არსებობა არა მარტო საჭირო აუციელებელიცაა.
სოფელ ჭახაურაში მცხოვრებ გურამ მახარაძის აზრით, ხულოსთვის და ზოგადად აჭარის მთიანეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელსაყრელი დარგი ტურიზმი და სოფლის მეურნეობაა, შესაბამისად სწავლებისას ამ მიმართულებას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება.
150 მსმენელზე გათვლილ შენობაში სწავლება უახლოეს პერიოდში დაიწყება. პირველ ეტაპზე კოლეჯში ოთხი საგანმანათლებლო პროგრამა იქნება და აჭარის მთაში მცხოვრებ მოსახლეობას აქ ელექტროობას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ტურიზმსა და სატყეო საქმეს შეასწავლიან. ხულოს რესურსცენტრის ინფორმაციით, პროფესიები მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა.
დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეებმა ხულოს რესურსცენტრს უნდა მიმართონ და მათთვის სასურველ პროგრამაზე რეგისტრაცია გაიარონ. კოლეჯი „ახალი ტალღა“ 2012 წელს პროფესიული დაწესებულების ბაზაზე შეიქმნა. სასწავლებელი თითქმის 50 წელზე მეტია არსებობს და 52 საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.