პარასკევი 19, ივლისი 2019

ელექტრომობილების მეპატრონეების პროტესტი გრძელდება

22, აპრილი 2019 20:52:00

რეგიონის შემდეგ დედაქალაქში, ელექტრომობილების მფლობელების უცვლელი მოთხოვნები და აქცია კანცელარიის შენობის წინ.  მცირე  მეწარმეები  აკრძალვის  ნაცვლად რეგულაციების  დაწესებას  ითხოვენ.  

ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას ისევ ეწინააღდეგებიან. რეგიონის შემდეგ მათ აქცია დედაქალაქში გამართეს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, თუ გარკვეული რეგულაციები დაწესდება, აკრძალვის აუცილებლობა აღარ იქნება. ისინი სიჩქარის შეზღუდვასა და ელექტრომობილების რაოდენობის შემცირებაზეც საუბრობენ. 

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზღვისპირა პარკში  1 მაისიდან  მოტოციკლების, კვადროციკლების და ელექტრომობილების გამოყენება აიკრძალება. ამ მოთხოვნით თვითმმართველობას ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა. ადმინისტრაციის დირექტორი აცხადებს, რომ აღნიშნული პირები აკრძალვის შესახებ წინასწარ სიტყვიერად გააფრთხილეს. წერილობითი შეტყობინება კი იმ მიზეზით ვერ მოხდებოდა, რომ ოფიციალურ ინდ მეწარმეებად არ ფიქსირდებიან.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულ წინადადებას მხარი 18 დამსწრედან 17 მა წევრმა დაუჭირა. ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, მათ ელექტრომობილების მეპატრონეებს ალტერნატიული ტერიტორიის გამონახვის შესახებ საუბარი შესთავაზეს, რაზეც ისინი არ თანხმდებიან. 
აკრძალვის ინიციატორების მტკიცებით, გადაწყვეტილება მაღალსიჩქარიანი ელექტრო მოწყობილობების მიერ დაშავებულთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. ელექტრომობილის მიერ ადამიანის დაზიანების 51 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 


დღის ამბები