ზღვისპირა პარკში მდებარე ობიექტი, რომლის მეწილეებს შორის უთანხოებაა. საქმეში სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მამა ფიგურირებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლაშა ჩავლეშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. თემაზე სულხან მესხიძე მუშაობდა.
რომ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავჯდომარე საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს ამის შესახებ ინფორმაცია ორმა ინფორმირებულმა წყარომ მოგვაწოდა, მათ შორის ერთი პროკურატურაშია დასაქმებული. მათივე ცნობით, საქმე ბათუმის ბულვარში კაფე გულების საქმეს ეხება. ეს ის კვების ობიექტია, სადაც 25 პროცენტის მეწილე ოთარ ჩავლეშვილია, ლაშა ჩავლეშვილის მამა. პროკურატურაში დაკითვაზე დაბარებას დეპარტამენტის თავჯდომარე კატეგორიულად უარყოფს, თუმცა საკითხის კომენტირებისას მან მეწილეებს შორის არსებული დაპირისპირება გაიხსენა და თქვა, რომ მათ შორის უთანხმოებაა. რა საკითხზე ვერ თანხმდებიან მხარეები ლაშა ჩავლეშვილი არ აკონკრეტებს. საჯარო მოხელის მტკიცებით, მამას მხოლოდ ბიზნესის მართვაში ეხმარებოდა და იგი ობიექტისთვის სანებართვო დოკუმენტაციის მიღების პროცესში არ იყო ჩართული.
საპირისპიროს ამტკიცებს ოთარ ჩავლეშვილი, რომელიც შვილის ლაშა ჩავლეშვილის საგამოძიებო ორგანოში დაბარების ფაქტს ადასტურებს. მიაჩნია, რომ მეწილეებს შორის არსებულ დავასთან ლაშა ჩავლეშვილს კავშირი არ აქვს. სატელეფონო საუბრისას ოთარ ჩავლეშვილი ბიზნესს პარტნიორებზე საუბრისაც აღელდა და გვირჩია, რომ კონფლიქტის მიზეზი ძმები დიასამიძეებისთვის გვეკითხა.
კაფე გულებში ჩვენს გადამღებ ჯგუფს გია დიასამიძის ძმა, ზურაბ დიასამიძე დახვდა, რომელმაც ბიზნეს პარტნიორებს შორის არსებული უთანხოება კატეგორიულად გამორიცხა. გვითხრა, რომ ლაშა ჩავლეშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მისი მტკიცებით, სანებართვო დოკუმენტაცია კანონიერად მოიპოვეს.
ცნობისთვის ანბანის კოშკის მიმდებარედ ობიექტის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ მეპატრონეს სანებართვო დოკუმენტაცია არ გააჩნდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი წერდა. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პლაჟზე, ხის "ოდის" მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის. შესაბამისად, უკანონო მშენებლობისთვის უწყებამ კომპანია გააფრთხილა.
ბათუმის მერიაში დღეს გვითხრეს, რომ აღნიშნული ობიექტის მშენებლობა თავდაპირველად სხვა კომპანიამ დაიწყო, 2018 წლიდან კი პროცესი შპს „გულებმა“ გააგრძელა, რომელმაც სანებართვო დოკუმენტაცია კანონის სრული დაცვით მოიპოვა. შპს „გულები“ მუსიკოსმა გია დიასამიძემ 2018 წლის იანვარში დააფუძნა, თავდაპირველად კომპანიას „სანაპირო“ ერქვა. აქვე გეტყვით, რომ პროკურატურაში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავჯდომარის დაბარების საკითხი არ დაადასტურეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი არ გვითხრეს იყო თუ არა ლაშა ჩავლეიშვილი დაკითხვაზე. პრესცენტში განმარტეს, რომ მათ ამ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება არ გააჩნიათ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს სატელეფონო ზარებს კაფე გულების მეპატრონემ არ უპასუხა.