25, აპრილი 2019 20:07:00
ხელვაჩაურის ბიუჯეტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა . ფინანსური დოკუმენტი ჯამში ახლა უკვე 21 მილიონ 137 ათას 300 ლარია. გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. რა მიმართულებები ჩათვალეს პრიორიტეტად დეპუტატებმა?
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ნახევარი მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხები ძირითადად სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაეთმობა. კეთილმოეწყობა შიდა სასოფლო გზები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ჭარნალში მდებარე სტადიონს. ცვლილებას მხარი დღეს საკრებულოს დეპუტეტებმა დაუჭირეს.
სხდომაზე გადაწყდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საჭიროებიდან გამომდინარე თუნუქის სახურავებით დააკმაყოფილებენ. წარადგინეს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ანგარიშიც. ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 100%-მდე, ხოლო ხარჯვით ნაწილში 89% პროცენტით შესრულდა. ჩავარდა 2 პროექტი- ახალშენის ბაღისა და ქოფჩოს წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
დღეს საკრებულოს სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრები პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ. მიშა ბოლქვაძის თქმით მმართველი გუნდი ოპოზიციის შენიშვნებს არ ითვალისწინებს.
ოპოზიციის მოსაზრებას არ ეთანხმება ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე. ნადიმ ვარშანიძე თვლის, რომ დეპუტატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში ჩართულები არიან
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე სულ ექვსი საკითხი განიხილეს.