26, აპრილი 2019 20:02:00
არა ცირკს!!! თავისუფლება ცხოველებს !!! - პეტიცია სოციალურ ქსელში დაახლოებით ერთი თვის წინ გამოჩნდა. ავტორები ცხოველთა უფლებადამცველები არიან. ინიციატორები საცირკო წარმოდგენებში ცხოველთა მონაწილეობას აპროტესტებენ. მოთხოვნებს თავი რამდენიმე პუნქიან დოკუმენტში მოუყარეს.
ცხოველთა უფლებადამცველებმა საცირკო ჩვენებებში ცხოველთა მონაწილეობის აკრძალვის მიზეზი 10 პუნქტად გაწერეს. თვლიან, რომ ყველაზე სასტიკ შოუში ცხოველები მუდმივი ძალადობის მსხვერპლნი არიან.
პეტიციის ავტორების თქმით, ბევრი ცხოველი ტყვეობაში იბადება , ილეთების სასწავლად კი მწვრთნელები ისეთ სასტიკ მეთოდს იყენებენ, როგორიც ელექტროშოკია. ხშირია, როცა დამორჩილების მიზნით, აშიმშილებენ, ტყვეობაში მყოფებს კი „ფსიქოლოგიური“ პრობლემაები ექმნებათ.
პეტიციის ავტორების მოთხოვნებს სრულად იზიარებს კიდევ ერთი ცხოველთა უფლებადამცველი. გულო ფუტკარაძე იმედოვნებს რომ ამ კუთხით მიდგომები მალე შეიცვლება, მას ამის მოლოდინის საფუძველს, საზოგადოების დიდი ნაწილის, ცხოველებისადმი დამოკიდებულება აძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ისჯება, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მეტი ბერკეტის გამოყენებაა საჭირო. ცოტნე ანანიძე პროცესში, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ავსტრია, უნგრეთი, დიდ ბრიტანეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, ფინეთი- ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ცირკი ცხოველებით აკრძალულია. შეუერთდება თუ არა საქართველო ამ ქვეყნების რიცხვს, ეს უკვე პარლამენტის გადასაწყვეტია. მანამდე კი ცხოველების უფლებადამცველები დედაქალაქში, მასშტაბურ აქციას აანონსებენ.