შაბათი 20, ივლისი 2019

რა საკითხებზე იმსჯელეს მთავრობის სხდომაზე

30, აპრილი 2019 20:05:00

რატომ დადგა რეგიონში  საკადრო ცვლილებების აუცილებლობა? თორნიკე რიჟვაძემ დღეს  გადაადგილებები დააანონსა და კატეგორიული ტონით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურების გააქტიურება მოითხოვა.  გასვლით სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაიჭრა, გახმოვანდა სიახლეებიც. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. შეხვედრა  მედიისთვის დღესაც დაიხურა, სამაგიეროდ მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენის საშუალება სკოლის მოსწავლეებს მიეცათ.  


ვინ არის  საჯარო რესურსების პარაზიტი,  დღეს თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია. მან საკადრო გადაწყვეტილებების კონკრეტიკისგანაც შეიკავა თავი და  მედიის წარმოამდგენლებსაც გვირჩია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. 

რეგიონის პირველი პირი დღევანდელ სხდომაზეც საკმაოდ კატეგორიული იყო და ამავე ტონში თქვა, რომ ანტიკორუფციული ხაზი უნდა გაძლიერდეს. ამ მოტივით კი, ყველა უწყებას შიდა აუდიტისა და მონიტორინგის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

მალე აჭარაში კავკასიის უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება - ამის შესახებ დღეს ჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე ითქვა. ასევე ცნობილი გახდა, რომ განათლების ქალაქი ბენზეში 7 ჰექტარ ტერიტორიაზე აშენდება. 

კურორტ გოდერძის უფრო მეტი მიმზიდველობისა და ინვესტორების მოძიების მიზნით, განაშენიანების გეგმის გაფართოება დაანონსდა. იმ 142 ბავშვის ოჯახს კი, რომელთა ორგანიზმშიც ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სასურსათო ვაუჩერით დაეხმარება. 

აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეგიონის ბიუჯეტში 65 მილიონი ლარი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 4 მილიონით აღემატება, ხარჯვითი ნაწილი კი 92 პროცენტით შესრულდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანია ,,ალიანსს“,  რომელიც ხიმშიაშვილის ქუჩაზე სასტუმროს აშენებს, განხორციელების ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდა.  მიზეზად პროექტში არსებული ცვლილება სახელდება. 

თორნიკე რიჟვაძე პრემიერის ინიციატივას შეურთდა . მთავრობის სხდომას  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარჩინებული სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.  

 


დღის ამბები