13, იანვარი 2017 08:31:00
კურორტ "გოდერძიზე" დაშავებული მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ეხმაურებიან. ტრაგიკულად დაღუპული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. უწყების წარმომადგენლები ოჯახს უსამძიმრებენ და აცხადებენ, რომ კურორტზე მოქმედებს პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი, მუშაობს სქი პატრული და საზოგადოებრივ წესრიგს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონის სამმართველოს ჯგუფი იცავს. სათხილამურო ტრასების ტერიტორიაზე განთავსებულია გამაფრთხილებელი ნიშნები, დამცავი ბადეები და სათხილამურო ტრასების კონტურის აღმნიშვნელი ალმები. სამინისტრო ახლა გამოძიების შედეგებს ელოდება. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით. ახალგაზრდა, რომელიც დღეს გარდაიცვალა, კურორტზე თხილამურებით სრიალისას 31 დეკემბერს დაშავდა. როგორ არის დაცული დამსვენებლების უსაფრთხოება კურორტზე? - ამ კითხვაზე პასუხი არც ერთ პასუხისმგებელ უწყებას არ სურს.