კვირა 21, ივლისი 2019

გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, რომელიც ტყეში გადის

02, მაისი 2019 20:05:00

ოჯახი მაღალმთიანი აჭარიდან, რომელიც  გარე სამყაროს ბილიკით უკავშირდება. სურმანიძეებამდე გზა არ მიდის. სახლამდე ვერც სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები  აღწევენ. ყურადღების მიღმა დარჩენილებს ყოველდღიურად გადარჩენისთვის ბრძოლა  რთულ პირობებში უწევთ,  მონაკვეთი,  რომლითაც  გადაადგილდებიან,   ტყეში გადის.  აპირებს თუ არა სახელმწიფო თანხების გამოყოფას  ინფრასტრუქტურის მოსაწყობად?  

საცხოვრებელი სახლი, სადაც სურმანიძეები ცხოვრობენ- მიუვალია, გარე სამყაროსთან დამაკვაშირებელი მონაკვეთი კი, ფერდობზე გადის. მდინარე აჭარის წყლის მიმდებარედ არსებული გზა, რომლითაც ოჯახი სარგებლობდა, ადიდებულმა მდინარემ ათი წლის წინ წაიღო. მას შემდეგ კი, არსებობისთის საჭირო საკვებ პროდუქტებსა თუ ნივთებს ტყეში გამავალი ბილიკით ეზიდებიან. ხელით  მიაქვთ ზამთრისთვის  საჭირო შეშაც. 


ოჯახმა, გარესამყაროსთან დაკავშირება ტყის მიმართულებით გზის გაყვანით სცადა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ სურამიძეებს სამუშაოები შეაჩერებინა. უთხრეს, რომ  პროცესი  ხეების გაჩეხვას გამოიწვევდა. აქ მდგომარეობა განსაკუთრებით ზამთარში მძიმდება, როცა ტყე თოვლით იფარება.


სოფელში,  მდინარის მოპირდაპირედ კიდევ სამი ოჯახი ცხოვრობს.  სურმანიძეებისგან განსხვავებით, მათ  საავტომობილო გზა აქვთ, თუმცა იმდენადაა ამორტიზებული რომ მონაკვეთზე ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება.  რამდენიმე წლის  წინ აქ გაჩენილმა ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა, რადგან ავარიული გზის გამო სახანძროს ავტომობილი შემთხვევის ადგილზე ვერ მივიდა. 

პრობლემის შესახებ იციან ხულოს მერიაში.  მერის მოვალეობის შემსრულებელი ნადიმ ვასაძე  ირწმუნება, რომ საკითხზე მუშაობენ.  ყველაფერი ახლა ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული. 

როდის მოგვარდება სოფელ ვერნებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემა, ეს ხულოს მერიის მუშაობაზეა დამოკიდებული. 


დღის ამბები