შაბათი 24, აგვისტო 2019

უკონტროლო ბიზნესი ქობულეთში

09, მაისი 2019 20:04:00

უკონტროლო ბიზნესი ქობულეთში. უსახური ავტოსამრეცხაოები ქალაქის ცენტრში. რატომ ვერ აგვარებს  პრობლემას  მუნიციპალიტეტის მერია?  მეწარმეების თვითნებობა თუ კანონის აღსრულების სუსტი მონიტორინგი?

მუნიციპალიტეტის პირველი პირის ამ დაპირების მიუხედავად, ქობულეთში, ერთი წლის შემდეგაც ვითარება უცვლელია. რუსთაველის ქუჩაზე რკინის კონსტრუქციების ნაწილი უნებართვოდ დამონტაჟეს, პროცესი კი დღემდე უკონტროლოა. 

დღეს კი მირიან ქათამაძეს მიაჩნია, რომ პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარა. მისი მტკიცებით, მეწარმეებმა რეკომენდაციები გაითვალისწინეს, თუმცა ჩვენს მიერ გადაღებული კადრები საპირისპიროს მეტყველებს. ავტოსამრეცხაოები ვიზუალურად კვლავ მოუწესრიგებელი და დამცავი ფარდების გარეშეა. უფრო მეტიც, ჭუჭყიანი წყალი სანიაღვრე არხში ჩაედინება, რაც კანონდარღვევაა.

საკრებულოს თავჯდომარე თვლის, რომ მერიის მცდელობა არასაკმარისია. დავით მჭედლიშვილის შეფასებით, ის რის წინაშეც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე უძლური აღმოჩნდა, კანონის აღსრულების მონიტორინგია.

პრობლემის მოგვარებას მირიან ქათამაძე ჯარიმების მეთოდით აპირებდა, თუმცა  15-მდე  ობიექტიდან, ფულადი სანქცია წელს არავის დაკისრებია. მეწარმეები ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობენ. ის ვინც კომენტარზე დაგვთანხმდა, თვლის, რომ მის კუთვნილ ობიექტზე ყველაფერი წესრიგშია.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ კორუფციული გზით, მაღალი თანამდებობის პირები მცირე მეწარმეების ხარჯზე მდიდრდებიან. ტურისტული ქალაქის იერსახე კი, რომელიც დამახინჯებულია არავის ადარდებს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ავტოსამრეცხაოების ადგილმონაცვლეობის მომხრეა. ლელა ვერულიძე ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტმა მეწარმეებს ალეტერნატიული ტერიტორია უნდა გამოუყოს.

სპეციალისტი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც გაუმართავი ავტომობილების რეცხვის შედეგად წარმოიქმნება. კახაბერ გუჩმანიძის თქმით, ტოქსიკური ნივთიერების ზღვაში ჩაღვრა მიზანშეწონილი არ არის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში სამრეცხაოების გადამოწმების შედეგად დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. თუ ვინმე ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას უნდა დაგვირეკონ ცხელ ხაზზე - 153.


დღის ამბები