პარასკევი 19, ივლისი 2019

უფუნქციოდ დარჩენილი ეკომიგრანტთა ბინები, რომელიც ნადგურდება

14, მაისი 2019 21:19:00

2012 წელს ეკომიგრანტებისთვის რეაბილიტირებული შენობა, რომელიც ამ დრომდე ცარიელია. ღიად დატოვებული ობიექტი, რომელზეც ათობით ათასი  ლარი დაიხარჯა. აღმოჩნდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტმა ხარჯები ამაოდ გაიღო. წლების განმავლობაში ღამეს აქ  საეკლესიო პირები და ერთერთი კომპანიის ხელოსნები ათევდნენ.

სოფელ ყინჩაურში, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები წლებია უფუნქციოა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, შვიდი ბინის მოსაწყობად, 2012 წელს 72 000 ლარი დახარჯა, თუმცა ერთი ბინის გარდა, რომელიც მედ პერსონალს დროებით სარგებლობაში გადასცა დღემდე ფუნქცია ვერ გამოუნახა, რამდენიმე ბინის კარები ღიაა და იქ შესვლა ნებისმიერ პირს შეუძლია. 
ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, ყინჩაურის სკოლის გვერდით, ყოფილი პანსიონის ავარიული შენობაში ორი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორისაა სხალთის თემის მაჟორიტარის, ნუგზარ გორგილაძის ოჯახი. ის გვეუბნება, რომ ეკომიგრანტებისთვის მოწყობილ ბინებს ზაფხულობით მამაოები იყენებენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი, გზის მშენებელი კომპანიის მუშებიც ცხოვრობდნენ. 

ხულოს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში უფუნქცოდ დარჩენილი შენობა უკვე საცხოვრებლად უარგისია და დასძენს, რომ ეკომიგრანტებსა თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებთან მიმართებაში ხელისუფლებას პოლიტიკა არ გააჩნია.

ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ყოფილი პანსიონის ავარიულ შენობაში ამ ორი ოჯახის გარდა, ბილვანიძეების ოჯახიც ცხოვრობდა, რომელსაც მერიამ ფართობი დაუქირავა და ბინის ქირასაც უხდის, რაც შეეხება ამ ორ ოჯახს, აცხადებს, რომ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი გააჩნიათ.

რატომ დარჩა ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები უფუნქციოდ იმ ფონზე, როდესაც მერია 20-მდე ოჯახსბინის ქირას უხდის და ეს ხომ არ არის, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა? ნადიმ ვასაძე შექმნილ ვითარებას ასე ხსნის:

თუ მერია, ეკომიგრანტებისთვის მოწყობილ ფართობს სხვა ფუნქციას გამოუნახავს და რეაბილიტაცის ჩაუტარებს, თანხის გამოყოფა დასჭირდება, შესაბამისად, ერთხელ რეაბილიტირებულ და დღემდე გამოუყენებელ შენობაზე თანხას ხულოს მერია ისევ დახარჯავს. უწყების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ბინის ქირა ბოლოს მარტის თვეში გადაუხადა, ქირის ოდენობა კი 150- დან 300 ლარს აღემატება. 


დღის ამბები