შაბათი 24, აგვისტო 2019

12 კლასიანი სკოლა 12 მოსწავლით

15, მაისი 2019 20:34:00

სკოლა  12 მოსწავლით.  გელაურაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში 12ის ნაცვლად 5 საკლასო ჯგუფია.   სასწავლო პროცესი კი  ხშირად თითო  მოსწავლისთვის  მიმდინარეობს. რა იწვევს მოზარდთა ნაკლებობას ხულოს მუნიციპალიტეტის ამ სოფელში და რამდენად რთულია ამ პირობებში პედაგოგებისთვის მუშაობა?

სოფელ გელაურას საშუალო სკოლის რამდენიმე კლასის კარი ჩაკეტილია, რადგან დაწესებულებას ყველა კლასში მოსწავლე არ ჰყავს. ბოლო ერთი წელია ზარი აქ, მხოლოდ 12 მოსწავლისთვის ირეკება. მე-2, მე-3 და 7 – 11 კლასის ჩათვლით, კლასში თითო მოსწავლეა, ხოლო დანარჩენი ხუთი კი მეთორმეტე კლასელია. აბიტურიენტები, რომლებიც ეროვნული გამოცდების სამზადისში არიან, სკოლაში ხშირად ვერ დადიან. მეათე კლასელი ნაირა ბოლქვაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც სხვების მსგავსად გაკვეთილები კლასში მარტოს უტარდება. ექიმობა უნდა, ამბობს, რომ ოცნების ასახდენად კარგად სწავლობს, საგაკვეთილო პროცესში სიმარტოვე კი  პრობლემას არ უქმნის.

ნაირას მსგავსად, მარტოს უტარდება გაკვეთილი მე-11 კლასელ დიანასაც. ამბობს, რომ ეს მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს და გაკვეთილების ყოველდღიურად მომზადებასთან ერთად, მოდუნების უფლებასაც არ აძლევს. 

თამთა და ზაზა ბოლქვაძეები დაწყებითი კლასის მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები არიან.  ეს ერთადერთი ოთახია, სადაც საგაკვეთილო პროცესში კლასში ორი მოსწავლე ზის.

გეოგრაფიის მასწავლებელი გვეუბნება, რომ მოსწავლეთა კლება სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციამ გამოიწვია. მოსწავლეთა ნაკლებობა კი ჯემალ მუშარბაძის თქმით, საგაკვეთილო პროცესში, არამარტო ბავშვებისთვის, პედაგოგისთვისაც რთულია.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ამავე დაწესებულებაში მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის გვეუბნება, რომ სოფელს თითქმის მხოლოდ პედაგოგები შემორჩა. მიგრაციული პროცესი კი შეუქცევადი გახდა.

ანზორ მუშარბაძის შეფასებით, მოსწავლეთა სიმცირე  განსაკუთრებით სასწავლო პროცესს აზარალებს, ეს კი მოსწავლეთა თუ სკოლათშორის საგნობრივ შეჯიბრებებში აისახება.

ხულოს მუნიციპალური ცენტრიდან, ათეული კილომეტრობით დაშორებულ სოფელ გელაურაში, სკოლა დაახლოებით ასი წლის წინ გაიხსნა. თავდაპირველად აქ დაწყებითი სკოლა ყოფილა, რომელიც დროთა განმავლობაში საბაზო და ბოლოს საშუალო დაწესებულებად გადაკეთებულა. საუკუნის ისტორიის მქონე ამ სკოლას, გასული წლის მსაგვსად, პირველ კლასელი არც წელს ეყოლება.


დღის ამბები