23, მარტი 2017 20:38:00
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაცემების, მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრირება მოხდება. პროექტის განხორციელება ბათუმიდან დაიწყო, სადაც ქალაქის აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მზად არის გეოგრაფიული მონაცემების ბაზა, რომელშიც 9 ათასამდე ობიექტია შეტანილი. მათ შორისაა კვების, სავაჭრო, კულტურული, გართობის, სპორტული, საფინანსო და სხვა ტურისტული მნიშვნელობის ობიექტები. საჯარო რეესტრი ნავიგაციის ელექტრონული აპლიკაციის შექმნაზეც მუშაობს, რომელშიც საველე აღწერით მიღებული გეომონაცემები აიტვირთება. აპლიკაცია მომხმარებელს სასურველი მარშრუტის შერჩევას და ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებასაც გაუადვილებს. პროექტში 20 სტუდენტია დასაქმებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბათუმის შემდეგ, პროექტს ქობულეთში განახორციელებს.