შაბათი 24, აგვისტო 2019

ხელვაჩაურსა და მახინჯაურში პლაჟები 5 წლიანი იჯარით გაიცემა

29, მაისი 2019 20:04:00

ზაფხულის სეზონის ოფიციალურ გახსნამდე თითქმის 2 კვირა რჩება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს  კი პლაჟების გასხვისებაზე აუქციონი ჯერ არ გამოუცხადებია. დღეს საკრებულოს სხდომაზე ვადებზე იმსჯელეს. მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლობით ორგანოს ახალი ინიციატივით მიმართა. რა სთავაზობს ჯუმბერ ვარდმანიძე დეპუტატებს? 

ტურისტული სეზონის  აქტიურ ფაზაში შესვლამდე რამდენიმე დღე დარჩა,   მახინჯაურსა და ჩაქვის სანაპიროზე პლაჟების იჯარის წესით გასხვისებასთან დაკავშირებით კი აუქციონი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. ხელვაჩაურის მერიაში მიაჩნიათ,  რომ პროცესი არ გვიანდება.  

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩაქვსა და მახინჯაურში პლაჟები აუქციონის წესით, ნაცვლად სამი წლისა  5 წლის ვადით გაიცემა. 200 კვ.მ  სანაპირო ზოლის  საიჯარო ღირებულება კი  ყოველთვიურად 1600 ლარით განისაზღვრა. 

ჯუმბერ ვარდმანიძემ  საკრებულოს დღევანდელ  სხდომაზე ოპოზიციის ჩართულობით სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივაც წამოაყენა. რგოლი  შესრულებულ  სამუშაოებს შეისწავლის. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ახალშენის მეურნეობაში ფანჩატური წაიქცა და ბავშვები დააზიანა . 

სხდომაზე ორთაბათუმში 1750 კვ.მ  მიწის  კერძო პირზე იჯარით და სიმონეთში არსებული მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობაზე  გადაცემის საკითხიც განიხილეს. მუნიციპალიტეტის სოფლებისა  და ქუჩებისთვის, კი დამისამართების   მიზნით   სპეციალური  ტენდერი გამოცხადდება. 
დეპუტატებმა დღეს  მუნიციპალური ქონების საპრივატიზაციო ნუსხაც დაამტკიცეს , რომლის შემასდგენლობაში 11 ობიექტია.

 


დღის ამბები