31, მაისი 2019 10:52:00
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავჯდომარე საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე ორი დღის წინ იმყოფებოდა. საქმე კაფე „გულების“ თემას ეხება, რომელშიც ლაშა ჩავლეშვილის სახელიც ფიგურირებს. ამ უკანასკნელის მამა ოთარ ჩავლეშვილი კვების ობიექტის ერთ-ერთი მეწილეა. საქმე ისაა, რომ აქციონერებს შორის ბოლო რამდენიმე წელია, რაც დავა მიმდინარეობს.
ლაშა ჩავლეშვილმა „TV 25“-ს საგამოძიებო ორგანოში მისვლის ფაქტი დაუდასტურა და უთხრა, რომ იგი მოწმის სახით გამოკითხეს. მისი თქმით, მეწილეებს შორის არსებულ დავაში ოჯახის წევრის გამო ჩაერთო. შესაბამისად გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.
ცნობისთვის ანბანის კოშკის მიმდებარედ ობიექტის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ მეპატრონეს სანებართვო დოკუმენტაცია არ გააჩნდა. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ლაშა ჩავლეშვილი ეხმარებოდა აქციონერებს შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების პროცესში.
შპს „გულები“ მუსიკოსმა გია დიასამიძემ 2018 წლის იანვარში დააფუძნა, თავდაპირველად კომპანიას „სანაპირო“ ერქვა.
ამ თემაზე „მაცნემ“ მასალა 23 აპრილს მოამზადა, სადაც ლაშა ჩავლეშვილი საგამოძიებო ორგანოში დაბარების ფაქტს უარყოფდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავჯდომარე ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიბარეს. უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე რომელი მუხლით არის დაკვალიფიცირებული.