31, მაისი 2019 21:22:00
ხალხის მიერ არჩეული ექსმერი დუმილის უფლებას იყენებს. გიორგი ერმაკოვს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს. დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „იაფი სახლის“ პროექტზე მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს სხვა მაღალჩინოსნებიც. რას ედავება მათ სახელმწიფო ?
ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 332-ე მუხლით ედავება. ეს კი ბიუჯეტიდან თანხის მითვისება-გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლება 7-დან 11 წლამდე ვადით აღეკვეთება. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
გიორგი ერმაკოვის მსგავსად, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 182-ე მუხლით ეგარსლან ლომაძეს და არჩილ ვანაძესაც წარედგინათ. ქონების მართვის სამსახურის უფროსის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მათი ინტერესების დამცველის თქმით, სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობის დროს სწორი გადაწყვეტილება არის მიღებული.
დანარჩენ დაკავებულებს კი გამოძიება მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას ედავება. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. სასამართლოზე გირაოს შეფარდების მოთხოვნის დაყენებას გეგმავს, ბაგრატ მანველიძის ადვოკატი.
პროკურატურის ინფორმააცით, დაკავებულებს 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვა ედებათ. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ დღის 11 საათზე გაიმართება.