04, ივნისი 2019 20:12:00
ირაკლი რომანაძემ ქობულეთის სანდასუფთავებაში მუშაობა ძმის დახმარებით დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ყოველთიურად ხელზე 400 ლარი ერიცხება, თუმცა რისთვის დაზუსტებით არ იცის.
ინტერვიუს ჩაწერისას მეზობელი გამოცხადდა, რომელმაც ირაკლი რომანაძეს ოთახში შესვლა და ტელეფონზე გასაუბრება ურჩია. ვინ ურეკავდა რომანაძეს არ გვითხრეს.
იხსენებს, რომ სამსახურში ბოლოს სამი თვის წინ იყო, მიზეზად კი ინტერვიუს გაგრძელების შემდეგ შვებულება დაასახელა.
რა პოზიციაზე მუშაობს ირაკლი რომანაძე არც მისმა ძმა იცის, რომელიც სამსახურის დაწყებაში დაეხმარა.
წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში დაახლოებით 15-მდე ადამიანია ფიქტიურად დასაქმებული, მათ შორისაა დირექტორის ძმა ნუგზარ ბლადაძე. „TV 25“-ს ეს უკანასკნელი სახლში არ დახვდა, თუმცა ოჯახის დამხმარემ გვითხრა, რომ ბლადაძე არ მუშაობს, უფრო მეტიც იგი ყოველდღიურად სახლშია.
ნუგზარ ბრადაძემ სატელეფონო საუბრის დასაწყისში გვითხრა, რომ იმ მომენტისთვის ყანაში იმყოფებოდა სამუშაოდ. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტელევიზიიდან ვუკავშირდებოდით ნათქვამი უარყო. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 750 ლარს შეადგენს.
ჩამონათვალში მოხვდა სულხან ჯაფარიძეც, რომელიც ორგანიზაციაში ელექტრიკოსის პოზიციაზეა გაფორმებული და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარს შეადგენს. ჯაფარიძის სახლში ოჯახის ახლობელი დაგვხვდა, რომელმაც ადრესატთან არ დაგვაკავშირა. პირად საუბარში კი ვერ გაიხსენა სად მუშაობს ეს უკანასკნელი. ის, რომ სულხან ჯაფარიძე უმუშევარია ამას მეზობელიც ადასტურებს.
ქობულეთის სანდასუფთავებაში შტატები, რომ ხელოვნურად გაზრდილია ამაზე ერთ-ერთი დასაქმებულიც საუბრობს.
ფაქტი შოკისმომგვრელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებისთვის. მათი მტკიცებით, ისინი მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
ქობულეთის მერი კი ახლა ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაცნობას აპირებს. მირიან ქათამაძე არ გამორიცხავს, რომ კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მკაცრი ზომები გატარდება.
რა რეაგირებას მოახდენს ქობულეთის მერია ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე? ამ ეტაპზე უცნობია. ამ თემას tv 25 ისევ დაუბრუნდება.