კვირა 22, სექტემბერი 2019

ცვლილება უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით

12, ივნისი 2019 10:07:00

თვითმმართველ ქალაქებში უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები გაორმაგდა. ბათუმში უნებართვო მშენებლობა 3 ათასი ლარის ნაცვლად, 6 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სხვა ქალაქებში კი 2 ათასის ნაცვლად, 4 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმა გაიზარდა დაბებსა და სოფლებში უკანონო მშენებლობებზეც – 200 ლარიდან 1000 ლარამდე.
3 ივნისიდან ამოქმედდა ახალი კანონი „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“. აქამდე უკანონო მშენებლობებზე ჯარიმებს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ითვალისწინებდა.
ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი სართულიანობის მიხედვით მესამე და მეოთხე კლასის ნაგებობებს ეხება და „თუ ეს გაბარიტების შეცვლას არ იწვევს“. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 4-დან 8 ათას ლარამდე გაიზარდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში კერძო შენობებზე უკანონო მშენებლობა ისევ 8 ათასი ლარით ჯარიმდება.
ახალი კანონი ზრდის ჯარიმის ოდენობას საინფორმაციო დაფის არარსებობის, ან არასრული ინფორმაციის მოთავსების შემთხვევაშიც. სპეციალური დაცვის ზონაში ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ნაცვლად 1000 ლარისა. სპეციალური ზონის მიღმა კი, საინფორმაციო დაფის არარსებობისთვის ჯარიმის ოდენობა პირიქით შემცირდა 500-დან 400 ლარამდე.
სამშენებლო სფეროში ამოქმედდა ახალი კანონიც – „სივრცითი დაგეგმარება, არქიტექტურის და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, სადაც გათვალისწინებულია სამშენებლო პროცესში ისეთი მოთხოვნების დაცვა, როგორებიცაა: ენერგო ეფექტურობა, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობა, ხმაურისგან დაცვის უზრუნველყოფა, ჰიგიენის დაცვა….
მთავრობამ ახალი რეგულაციები ამ კუთხით მომავალი წლის პირველ მაისამდე უნდა მიიღოს.

ავტორი(ები)

275

დღის ამბები